თბილისი, 28 მაისი – Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით აშშ-ში ღვინის პროფესიონალებისა და იმპორტიორებისთვის ქართული ღვინის ონლაინ–დეგუსტაცია გაიმართა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღონისძიებაზე, რომელიც სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Marq Energie Consulting-ის მიერ იყო ორგანიზებული, ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაესინჯათ წინასწარ გაგზავნილი დასავლეთ საქართველოს ის ღვინოები, რომლებიც დღეისათვის ამერიკის ბაზარზეა წარმოდგენილი.
ღონისძიებას Marq Energie Consulting-ის ხელმძღვანელი ჯული პეტერსონი და ამერიკელი ტოპ-სომელიე ტეილორ პარსონსი უძღვებოდნენ. დეგუსტაციის პარალელურად მონაწილეები ქართულ ღვინის ისტორიას, კულტურასა და თანამედროვე ინდუსტრიას გაეცნენ.
„დეგუსტაციაზე აქცენტი სწორედ დასავლეთ საქართველოს მრავალფეროვან ღვინოებსა და ღვინის მარნებზე გაკეთდა. მსგავსი ღონისძიებების მიზანია – ხელი შეუწყოს ამერიკის ღვინის ბაზარზე ახალი მწარმოებლების დამკვიდრებას“, – აღნიშნავენ სააგენტოში.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ თანმიმდევრული მარკეტინგული სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება.
ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე ბოლო 6 წელია სტაბილურად მზარდია. 2020 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 912 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 34%-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. მიმდინარე წლის იანვარი-აპრილში უკვე ექსპორტირებულია 325 ათასი ბოთლი ღვინო (ზრდა 2%).
COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის პირობებში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციას აშშ-ში ძირითადად დისტანციური ფორმატების და ონლაინ–პლატფორმების გამოყენებით აგრძელებს.