თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ჩინეთში გამოძიება დაიწყო ორი ახალგაზრდა ქალის წინააღმდეგ, რომლებმაც მათზე დაქორწინების მსურველი 19 მამაკაცი მოატყუეს, იუწყება გაზეთი South China Morning Post.
გავრცელებული ინფორმაციით, თაღლითი ქალბატონები, რომლებსაც სამი თანამზრახველი ჰყავდათ, მამაკაცებს არწმუნებდნენ, დაქორწინებულიყვნენ მათზე ოფიციალური რეგისტრაციის გარეშე. ამ ტრიუკის წყალობით ისინი ორი წლის განმავლობაში სძალავდნენ თავიანთ მსხვერპლს უამრავ საჩუქარს, რომელთა საერთო ღირებულებამ ორი მილიონი იუანი (დაახლოებით 313 ათასი აშშ დოლარი) შეადგინა.
თაღლითური სქემა მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც მიმდინარე წლის მარტში 35 წლის მამაკაცი ინტერნეტში ქორწილის პირდაპირ ეთერს გადააწყდა და აღმოაჩინა, რომ პატარძალი მისი ახალგაზრდა ცოლი იყო.
მამაკაცი მაშინვე დაუკავშირდა პოლიციას და განუცხადა, რომ მისი მეუღლე ოჯახის შექმნიდან ორი თვის განმავლობაში სულ ათი დღე იყო სახლში. შინიდან წასვლის ხშირ მიზეზად ის სხვა პროვინციაში მშობლების მოსანახულებლად სიარულს ასახელებდა.
საქორწინო აფერისტების დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ 2019 წლიდან დღემდე მათ, სულ ცოტა, 19 მამაკაცი ჰყავთ მოტყუებული.
ირკვევა, რომ ჩინეთში ასეთი ტიპის თაღლითობა საკმაოდ ხშირია, ვინაიდან ქვეყანაში 20-დან 40 წლამდე მამაკაცები 17,5 მილიონით ჭარბობენ ქალებს.