ქვეყნდება ხანგრძლივი COVID-19-ით დაზიანებული ფილტვების ფოტოები: უახლესი კვლევა

ირკვევა, რომ ჩვეულებრივი კომპიუტერული ტომოგრაფია ამ დაზიანებებს ვერ „ხედავდა“, შესაბამისად ექიმები პაციენტებს ეუბნებოდნენ, რომ ფილტვები ნორმაში ჰქონდათ
Sputnik

თბილისი 27 მაისი − Sputnik. ოქსფორდისა და შეფილდის უნივერსიტეტების მეცნიერებმა, ვიზუალიზაციის უახლესი მეთოდის გამოყენებით,  COVID-19-ით დაავადებული პაციენტების ფილტვების დაზიანებების ჩვენება შეძლეს.

კვლევა მსოფლიოს წამყვან რადიოლოგიურ ჟურნალ Radiology-ს საიტზეა გამოქვეყნებული.

​აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივი კომპიუტერული ტომოგრაფია და კლინიკური კვლევები ამ დაზიანებებს ვერ „ხედავდა“, შესაბამისად ექიმები პაციენტებს ეუბნებოდნენ, რომ ფილტვები ნორმაში ჰქონდათ.

კვლევის ავტორებმა ვიზუალიზაციის ახალი მეთოდი გამოიყენეს −  მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია ჰიპერპოლარიზებული ქსენონით (XeMRI). ეს ტექნოლოგის საშუალებას იძლევა, დეტალურად იყოს შესწავლილი ფილტვების ფუნქცია, კონკრეტულად კი ფილტვების ალვეოლებში გაზგაცვლა.

მწარისადმი ზედმეტად მგრძნობიარეები ნაკლებად ავადდებიან COVID-19-ით: უახლესი კვლევა

აღინიშნება, რომ კვლევა არ ყოფილა მასშტაბური − სულ ცხრა პაციენტის ფილტვების XeMRI-შედეგებია შესწავლილი. ყველა მათგანი დაახლოებით ნახევარი წლის წინ იყო ინფიცირებული კორონავირუსით, თუმცა ყველა მათგანი უჩიოდა გამუდმებულ ქოშინს, მიუხედავად იმისა, რომ ფილტვების ჩვეულებრივი კომპიუტერული ტომოგრაფია სრულიად ნორმალურ შედეგებს აჩვენებდა.  

„დამატებითმა მაგნიტორეზონანსულმა სკანირებამ ჰიპერპოლარიზებული ქსენონის გამოყენებით, გამოავლინა ანომალიები, რომელთა დანახვაც შეუძლებელია სტანდარტული გამოკვლევისას. ეს ანომალიები ხელს უშლის ჟანგბადს, მოხვდეს სისხლნაკადში“, − განმარტა კვლევის თანაავტორმა, ოქსფორდი უნივერსიტეტის პროფესორმა, რადიოლოგმა ფერგუს გლისონმა.

ახალმა ტექნოლოგიამ მეცნიერებს მისცა შესაძლებლობა, მიეღოთ ზუსტი ემპირიული მონაცემები ხანგრძლივი კოვიდის მქონე პაციენტების ფილტვების დაზიანებების თაობაზე.

ახლა მკვლევარებს უკვე აქვთ ეფექტური ინსტრუმენტი იმ პაციენტების მდგომარეობაზე დასაკვირვებლად, რომლებსაც სუნთქვის პრობლემები აწუხებთ. მეცნიერებმა უკვე დაიწყეს იმ ადამიანების ფილტვების კვლევა, რომლებიც COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული არ ყოფილან, თუმცა კლინიკებს ხანგრძლივ კოვიდზე ჩივილებით მიმართავდნენ.