თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა

თუშეთის ეროვნულ პარკში მოგზაურობა საქართველოს მთავრობისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი – Sputnik.  მაღალმთიან თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა, თუშეთის ეროვნული პარკი პირველ ვიზიტორებს ელოდება, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოში შეიქმნა პირველი ნაკრძალი ფართო ფუნქციებით

უწყების ცნობით, ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი სოფელ ომალოში მდებარეობს, სადაც როგორც ყველა არსებული მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღება და სასურველი ტურის დაგეგმვაა შესაძლებელი, ასევე განთავსება.

„თუშეთის ეროვნული პარკის 11 ტურისტული საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტები საშუალებას აძლევს ვიზიტორს თითქმის სრულად დაათვალიეროს და დატკბეს უნიკალური ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტებით“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

თუშეთში დიდთოვლობის გამო ტურისტული სეზონი მხოლოდ რამდენიმე თვეს გრძელდება – მაისის ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით.

რით არის ცნობილი თუშეთის ეროვნული პარკი?

2003 წელს დაფუძნებული თუშეთის ეროვნული პარკი საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა, რომელშიც შედის ლანდშაფტური და ბუნებრივი ნაკრძალები. ტერიტორიის საერთო ფართობი 122 ათასი ჰექტარია. 

მუზეუმ-ნაკრძალებში ვიზიტორებს ახალი მომსახურება ელოდებათ

თუშეთის ბუნება ძალიან მრავალფეროვანია, აქ დაახლოებით 1062 სახეობის მცენარეს შეხვდებით. ფიჭვი ზღვის დონიდან 700-2000 მეტრის სიმაღლეზე იზრდება და ფიჭვნარის საერთო ფართობი დაახლოებით 15 ათას ჰექტარს მოიცავს. ხოლო ზღვის დონიდან 1700-2400 მეტრის სიმაღლეზე არყნარი ტყეებია.

პარკის ტერიტორიაზე, დაუზუსტებელი მონაცემებით, გავრცელებულია: ძუძუმწოვართა 60 სახეობა, 120-მდე სახეობის ფრინველი, რეპტილიების 3 სახეობა, ამფიბიების 6 და თევზის ერთი სახეობა. მსხვილჩლიქოსანი ცხოველებიდან თუშეთის ტყეებში ბინადრობს შველი და ირემი. მეზობელი დაღესტნის ტერიტორიიდან თუშეთში ხშირად გადმოდის გარეული ტახი.