თბილისი, 27 მაისი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის „ინდური შტამი“ ლაბორატიულად დადასტურდა, ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.
„ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსული 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია. ცნობილია, რომ ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთი და იგივე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქები არიან. ეპიდკვლევების მონაცემებით მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
აღსანიშნავია, რომ სამმა მათგანმა საქართველოს ტერიტორია უკვე დატოვა. უცნობია, ჰქონდათ თუ არა „ინდური შტამით“ ინფიცირებულებს კონტაქტი სხვა ადამიანებთან.
„ძალიან გთხოვთ - ნუ დავპანიკდებით, კოვიდპანდემიის პერიოდში კორონავირუსმა ბევრი მუტაცია განიცადა. იყო მსუბუქი მუტაციები, ასევე იყო მუტაციები, რომლებსაც მეტი ყურადღება ექცევა. არის ხუთი მუტაცია - ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული, ბრიტანული, ინდური და კიდევ არის რამდენიმე, რომლებზეც მეტი დაკვირვება მიმდინარეობს. ინდოეთში როცა მდგომარეობა ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით საყურადღებო იყო, იქ წამყვანი მაინც ბრიტანული შტამი იყო და არა ინდური“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
სამ უცხოელს ინფიცირება დაუდასტურდა იმ ღამეს, როდესაც მათ საქართველო დატოვეს. გამყრელიძემ განმარტა, რომ ის, რომ მათ ინდური შტამი დაუდასტურდათ, დღეს გახდა ცნობილი. ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ყველა ქვეყანას, სადაც ისინი გაემგზავრნენ, აცნობებენ, რომ ამ პირებს ინდური შტამი დაუდასტურდათ.
გამყრელიძემ განმარტა, რომ ისინი ჩამოვიდნენ უარყოფითი PCR-ტესტით, რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოში და უკან დაბრუნებისას მათ ინფიცირება დაუდასტურდათ.
კითხვაზე, იცავენ თუ არა საქართველოში ხელმისაწვდომი ვაქცინები ინდური შტამისაგან, გამყრელიძემ უპასუხა, რომ ის ვაქცინები, რომლებიც მკაცრი მარეგულირებლების მიერაა აღიარებული, ფარავენ ყველა იმ შტამს, რომელიც მსოფლიოში ცირკულირებს.
კორონავირუსის ინდური შტამის გამოვლენის გამო საქართველოში წესების გამკაცრება ან დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.
ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, ამჟამად საქართველოში ძირითადად კორონავირუსის ბრიტანული შტამი ცირკულირებს.