საქართველოს რეგიონებს შორის ყველაზე განთქმული მევენახეობით კახეთია (რომელიც იყოფა თელავისა და ყვარლის მიკრორეგიონებად), მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე აფხაზეთი.
საქართველოში 575-ზე მეტი ვაზის ჯიშია ცნობილი და მეღვინეობა-მევენახეობის კულტურას ძალიან ძველი და მდიდარი ისტორია აქვს. აქ ვაზი მუდამ წმინდა, ღვთაებრივ მცენარედ იყო მიჩნეული, ხოლო ღვინოს საკრალური და კეთილშობილი დანიშნულება ჰქონდა.
ერთხანს ღვინის სამშობლოდ შუამდინარეთი იყო მიჩნეული, მაგრამ საქართველოში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა უფრო ძველი და უნიკალური მასალა გამოავლინა, რის შედეგადაც სწორედაც რომ საქართველო იქნა აღიარებული მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიულ სამშობლოდ.