მარინა ჯანაშიას მახათას მთაზე დაკრძალავენ

მსახიობი 71 წლისა იყო. მან არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა ქართული თეატრის სცენასა თუ კინოფილმებში
Sputnik

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობს, მარინა ჯანაშიას მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში კვირას, 30 მაისს დაკრძალავენ.

მსახიობს 30 მაისს 14:00 საათზე რუსთაველის ეროვნული თეატრიდან გამოასვენებენ, პანაშვიდები კი 28 და 29 მაისს გაიმართება.

მარინა ჯანაშია 27 მაისს 71 წლისა გარდაიცვალა. მსახიობს რამდენიმე წლის წინ სიმსივნე დაუდგინდა. იგი გერმანიაში მკურნალობდა და 14 ოპერაცია ჩაუტარდა. მკურნალობის დასრულების შემდეგ იგი თეატრს დაუბრუნდა, თუმცა დაავადების ბოლომდე დამარცხება ვერ შეძლო.

ქვეყნის პირველი პირები მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

მარინა ჯანაშია 1949 წლის 28 დეკემბერს თბილისში დაიბადა. 1971 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. მსახიობის კარიერა რუსთაველის თეატრში დაიწყო, შემდეგ იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი, ხოლო 1988 წელს კი კვლავ რუსთაველის თეატრს დაუბრუნდა.

მან დაუვიწყარი სახეები შექმნა ისეთ სპექტაკლებში, როგორიცაა  „ანტიგონე“, „რომეო და ჯულიეტა“, „ქალის ტვირთი“, „ქართველი ქალი“, „ოტელო“, „თავადის ასული მერი“, „ევრიდიკე“, „ისევ ვოდევილები“, „კარმენი“, „ანა ფრანკის დღიური“, „ჯინსების თაობა“ და სხვა.

აღსანიშნავია მისი როლები ფილმებში: „ნუცა“, „საქმე გადაეცემა სასამართლოს“, „მშობლიურო ჩემო მიწავ“, „გზის დასაწყისი“, „კუკარაჩა“, „მარადისობის კანონი“ და ა.შ.