საკადრო ცვლილებები თბილისის „დინამოში“ – დედაქალაქელებს ახალი მწვრთნელი ჰყავთ

კახა ცხადაძის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ „დინამოს“ ყოფილი თავკაცი გიორგი ნემსაძე კლუბში სპორტული მენეჯერის თანამდებობაზე გადაინაცვლებს.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ ქართველი სპეციალისტი კახა ცხადაძე გაწვრთნის, ინფორმაცია თბილისური გუნდის ადმინისტრაციამ დაადასტურა.

კახა ცხადაძე ყაზახეთის ჩემპიონატის IV ტურის შედეგებით საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს

ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები და კონტრაქტის პირობები უცნობია. რაც შეეხება კახა ცხადაძის წინამორბედ გიორგი ნემსაძეს, ის კლუბში სპორტული მენეჯერის პოზიციას დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ კახა ცხადაძეს დიდი სამწვრთნელო გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ქართველი სპეციალისტი წარსულში ბოლნისის „სიონს“, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს, ბაქოს „სტანდარდს“, ყაზახეთის „ქაირათსა" და „ორდაბასს“ წვრთნიდა. ცხადაძე ასევე 2015-2016 წლებში საქართველოს ნაკრების თავკაცი იყო.

რაც შეეხება თბილისურ კლუბს, თბილისის „დინამო“ 15 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 31 ქულით ბათუმის „დინამოსთან“ ერთად ლიდერობს.