თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესი სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად იზრდება.
30 მლნ ევრო – „რუბინმა“ ხვიჩა კვარაცხელია შეაფასა>>
გამოცემა fichajes.net-ის ცნობით, ესპანურმა „სევილიამ“ რუსულ კლუბთან მოლაპარაკება ხვიჩას თაობაზე უკვე დაიწყო. რაც შეეხება სატრანსფერო ფასს, შეთანხმების შემთხვევაში ქართველი შემტევის შეძენა სევილიურ გუნდს დაახლოებით 15-20 მილიონი ევრო დაუჯდება.
ბოლო პერიოდში ხვიჩას მომავალთან დაკავშირებით უცხოურ და ქართულ მასმედიაში ცნობები არ წყდება. 20 წლის ქართველი ფეხბურთელის შეძენით რამდენიმე იტალიური, გერმანული და ინგლისური კლუბი ინტერესდება. მათ შორის არიან: „მილანი“, „იუვენტუსი“, „ლიდსი“, „ბაიერნი“, „დორტმუნდი“ და სხვა ცნობილი კლუბები.
ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ 2019 წლიდან ასპარეზობს, მას კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება. კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის 2020/21 წლების სეზონის 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარის აღება ოთხჯერ მოახერხა. მის ანგარიშზე ასევე რვა საგოლე გადაცემაა მოპოვებული პენალტების ჩათვლით.