თუშეთში თოვლის გამო გზა ჩაიკეტა

უამინდობის გამო თელავისა და მაღალმთიან სოფელ ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა დაწესდა.
Sputnik

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. მაღალმთიანი თუშეთისკენ საავტომობილო გზა თოვლის გამო ჩაიკეტა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

„თოვლისა და ზვავსშიშროების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 36-44 კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნული საავტომობილო გზა რთული რელიეფის გამო, როგორც წესი, ოქტომბრის შუა რიცხვებში იკეტება და მაისის შუა რიცხვებში იხსნება. ეს გზა ერთადერთია, რომელიც თელავსა და მაღალმთიან სოფელ ომალოს აკავშირებს. მისი სიგრძეა 72 კილომეტრი.