პრეზიდენტი: სახელმწიფო პატივს მიაგებს გენერალ კვინიტაძის სამხედრო თავდადებას

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გენერალ კვინიტაძეზე ისაუბრა.
Sputnik
პრეზიდენტი: სახელმწიფო პატივს მიაგებს გენერალ კვინიტაძის სამხედრო თავდადებას
„საზეიმო დღეა, რამეთუ 100 წლის შემდეგ ქართული ჯარის დამფუძნებელი, კადეტთა სკოლის დამაარსებელი და დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი პანთეონში ქვეყნის გამოჩენილი და დამსახურებული შვილების გვერდით კუთვნილ ადგილს იკავებს. ამდენად, სახელმწიფო პატივს მიაგებს გენერალ კვინიტაძის ცხოვრებისეულ უკომპრომისო ბრძოლას და სამხედრო თავდადებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კვინიტაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი 1918-1921 წლებში. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს ჩამოასვენეს. გენერლისთვის პატივის მისაგებად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.