Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
ექვთიმე ათონელი, მთარგმნელი
ღირსი ექვთიმე მთაწმინდელი დაიბადა X საუკუნის სამოციან წლებში. მამამისი წმიდა იოანე მთაწმინდელი ერისკაცობაში საქართველოს მეფის დავით კურაპალატის მხედართმთავარი იყო. წმიდა იოანემ დატოვა ოჯახი, ცოლ-შვილი, ნათესავები, სასახლის კარის ბრწყინვალე ცხოვრება, და ოთხთა ეკლესიის ლავრას მიაშურა, სადაც იქ მოღვაწე მამებისაგან მიიღო მონაზვნობის კურთხევა.
იოანეს ცოლ-შვილი მოსავლელად სიმამრმა აბუჰარბმა და ცოლისძმებმა წაიყვანეს. იოანე საქართველოდან ულუმბოს მთაზე წავიდა და ერთ მონასტერში ჯორთა მომვლელად დადგა. ამ დროს ბერძენთა მეფემ ზემო ქვეყნები მისცა დავით კურაპალატს, სამაგიეროდ კი, ერთგულების დასამტკიცებლად, აზნაურთა შვილები მოითხოვა მძევლებად. მძევალთა შორის აღმოჩნდა იოანეს მცირეწლოვანი შვილი, ექვთიმე.
ულუმბოს მთაზე მყოფმა იოანემ გვიან გაიგო შვილის კონსტანტინოპოლში ყოფნის ამბავი, ვერ მოითმინა, ეახლა ბერძენთა მეფეს და შვილი გამოსთხოვა, იოანემ ექვთიმე ულუმბოს მთაზე წაიყვანა. ამ დროს ექვთიმეს ქართული ენა სრულიად დავიწყებული ჰქონდა.
მალე მთელ ულუმბოსა და მის შემოგარენს მოეფინა ღირსი იოანეს სახელი, ამიტომ ის თავის ძესთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად ათონის მთაზე წავიდა და ღირსი ათანასე დიდის ლავრაში დაეყუდა.
წმიდა ექვთიმემ მალე ყველა გააკვირვა თავისი ღვაწლით.
ღირსი ექვთიმეს ცხოვრების აღმწერელი, წმიდა გიორგი მთაწმინდელი ორმოცდაათზე მეტ თარგმანს ჩამოთვლის და დასძენს: „ესე ყოველნი და ამათსა ფრიად უმრავლესნი წიგნნი თარგმნა ღმერთშემოსილმან მამამან ჩუენმან და ესრეთ აღაორძინა მისდა რწმუნებული იგი ტალანტი“.
მამის გარდაცვალების შემდეგ წმინდა ექვთიმე გახდა წინამძღვარი ათონის ივერთა მონასტრისა, წინამძღვრობამ ექვთიმეს უკვე სხვა საქმეებიც გამოუჩინა, ამიტომ ნეტარ მამას წიგნებზე მუშაობა ძირითადად ღამით, სანთლის შუქზე უხდებოდა. იგი მოსვენების უფლებას არ აძლევდა ისედაც მკაცრი მარხვით დაუძლურებულ სხეულს.
წმიდა ექვთიმემ თოთხმეტ წელიწადს უწინამძღვრა ათონის ქართველთა მონასტერს, შემდეგ კი, რადგანაც სამწერლო საქმიანობისათვის დიდი დრო სჭირდებოდა, მამის, ღირსი იოანეს ანდერძისამებრ, წინამძღვრობა მამა გიორგის გადააბარა, ხოლო თვითონ სენაკში ჩაიკეტა, რათა მთლიანად თარგმნისთვის მიეყო ხელი.
იმპერატორმა კონსტანტინე VIII-მ რომელსაც „დიდი სარწმუნოებაჲ და სიყუარული ჰქონდა მისა მიმართ ღირსებისა მისისათჳს“, წმიდა ექვთიმე სამეფო კარზე დაიბარა, ღირსმა მამამ ძმები შეკრიბა, ტრაპეზი განუმზადა და სთხოვა, ელოცათ მისთვის; შემდეგ თავის მეგობართან, თეოფანე ხუცესთან წავიდა, რომელთანაც სიყრმიდან იყო შეზრდილი. დამშვიდობებისას თეოფანე ხუცესი მოეხვია წმიდა ექვთიმეს და ცრემლით უთხრა: „ვაჲმე უბადრუკსა, რამეთუ არღარა ოდეს გიხილო შენ ხორციელად, ჰოი, წმიდაო მამაო!“ ღირსმა ექვთიმემ დაუდასტურა წინასწართქმული.
იმპერატორმა დიდი პატივით ისტუმრა ღირსი მამა. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულის შემდეგ მამა ექვთიმემ მხატვართან მიბარებული ხატის სანახავად წასვლა გადაწყვიტა. მას ახლად ნაყიდი ჯორი შეუკაზმეს. გზაზე შავით მოსილი გლახაკი გადაუდგა და მოწყალება სთხოვა. ღირსმა მამა ჯიბეში ჩაიყო ხელი, მაგრამ ჩამოძონძილი გლახაკის დანახვაზე ჯორი შეშინდა, აიწყვიტა და წმიდანი ძირს ჩამოაგდო.
მომაკვდავ მამა ექვთიმეს მთელი საბერძნეთი დასტიროდა.
წმიდა ექვთიმე ათონის მთაზე დაკრძალეს
წმიდა მოწამე გლიკერია ქალწული და მის თანა ლაოდიკე დილეგის მცველი
წმიდა მოწამე გლიკერია ქალწული და მის თანა ლაოდიკე დილეგის მცველი (+177) მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტეს აღსარებისათვის იმპერატორ ანტონინეს (138-161) დროს.
წმიდა მოწამე ალექსანდრე რომაელი
წმიდა მოწამე ალექსანდრე რომაელი (284-305) ქრისტესთვის აღესრულა IV ს-ის დასაწყისში. ის მხედარი იყო და რომში მსახურობდა ტრიბუნ ტიბერიანეს პოლკში. იმპერატორ მაქსიმიანეს წინაშე წმიდა ალექსანდრემ უშიშრად აღიარა ქრისტე. რის გამოც წმიდა მოწამე სასტიკად აწამეს, ხოლო შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს.
წმიდა პავსიკაკოს, სინადის ეპისკოპოსი
წმიდა პავსიკაკოს, სინადის ეპისკოპოსი (+606) ცხოვრობდა სირიის ქალაქ აპამეაში. ბავშვობიდანვე ქრისტიანულად გაზრდილმა ადრევე დაიწყო ასკეტური ცხოვრება. წმიდანს უფლისაგან ხორციელ და სულიერ სენთა კურნებების ნიჭი მიემადლა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა კირიკემ (592-606) წმიდა პავსიკაკოსს ხელი დაასხა სინადის ეპისკოპოსად. კონსტანტინეპოლში ყოფნისას წმიდა პავსიკაკოსმა განკურნა იმპერატორი მავრიკიუსი, უკან დაბრუნებულმა უფალს წყალი სთხოვა წყურვილისაგან ქანცგაწყვეტილი თანამგზავრებისათვის. წმიდანის ლოცვით მიწიდან წყარომ ამოხეთქა. პავსიკაკოსი მშვიდობით აღესრულა 606 წელს.
წმიდა გიორგი აღმსარებელი, მეუღლე მისი ირინე და შვილი მათნი
წმიდა გიორგი აღმსარებელი, მეუღლე მისი ირინა და შვილნი მათნი (IX) აღესრულნენ ხატმბრძოლობის ერესის მძვინვარების დროს. იმპერატორი თეოფილე აიძულებდა წმიდა გიორგის, უარი ეთქვა ხატთა თაყვანისცემაზე. რაზედაც აღმსარებელმა უარი განაცხადა. იმპერატორის ბრძანებით წმიდანს ქონება წაართვეს, თვითონ კი ყელზე თოკგამობმული კონსტანტინეპოლის ქუჩებში ატარეს და დილეგში ჩააგდეს. ამის შემდეგ წმიდა გიორგი ცოლთან და შვილებთან ერთად კონსტანტინეპოლში გადაასახლეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.