თბილისი, 26 მაისი - Sputnik. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებისა და დასავლელი შუამავლების მოწოდების მიუხედავად, მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ახალი წევრი აირჩია.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აპრილში გაფორმებული შეთანხმების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით მისი სრული რეფორმირება უნდა მომხდარიყო.
რიგგარეშე კონფერენციის დანიშვნის მიზეზი იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების უფლებამოსილების ვადის ამოწურვა გახდა.
საბჭოს ახალი წევრები გახდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გოჩა აბუსერიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონია და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხია. მათ კონფერენციის წევრთა პრაქტიკულად სრული მხარდაჭერა მოიპოვეს.
უკმაყოფილება დანიშვნის გამო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების არჩევამდე ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც სასამართლო რეფორმამდე მოსამართლეთა და იუსტიციის საბჭოს წევრთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითვალისწინებდა.
გარდა ამისა, კონფერენციის მსვლელობისას ოპოზიციამ აქტივისტებთან ერთად გააპროტესტა მოსამართლეთა დანიშვნა, რადგან ამაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხრიკები დაინახა.
„მმართველი პარტიის ერთ-ერთი საყრდენი - სასამართლო ხელისუფლებაა - და ახლა ისინი ცდილობენ მის განმტკიცებას, რათა შეინარჩუნონ დანაშაულებრივი რეჟიმი. ისინი იგნორირებას უკეთებენ შეთანხმებებსაც, დასავლელი პარტნიორების მოწოდებებსაც“, - განაცხადა პარტია „ლელოს“ წევრმა ლევან სამუშიამ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების დანიშვნის ივლისამდე გადადებისკენ მოუწოდეს ხელისუფლებას დასავლელმა პარტნიორებმაც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა რეფორმამდე „არ შეესატყვისება შეთანხმების არსს“.
მმართველ პარტიაში კი ამტკიცებენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნაში ჩარევა არ შეუძლიათ.
„როგორ შეუძლია პარლამენტს, რაიმე გზით შეაჩეროს სასამართლოში პროცესები ან სასამართლოს გადასაწყვეტ საკითხებზე რაიმე ფორმით იმოქმედოს? რაც კანონმდებლობით არის შესაძლებელი, ამას ყოველთვის აკეთებს პარლამენტი. ჩვენი პარტნიორების მოწოდებებს და რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ უმეტესწილად, მაგრამ ის, რაც არის სასამართლოს გადასაწყვეტი, იმაში ვერ და არ ჩავერევით“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან მიუთითა, რომ ყველაფერს, რაც ეხება რეფორმებს საკანონმდებლო დონეზე, მმართველი პარტია უახლოეს მომავალში შეასრულებს.