თბილისი, 26 მაისი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ საფრანგეთის ღია პირველობის (Roland Garros) საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორედ გაიმარჯვა.
29 წლის ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 222-ე ადგილს იკავებს, ბულგარელ ელიცა კოსტოვას (231) დაუპირისპირდა და ორ სეტში 7:6, 6:3 სძლია. გორგოძეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ძირითად ბადეში გასვლამდე კიდევ ერთი ეტაპის დაძლევა მოუწევს.
ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში მექსიკელ რენატა ზარაზუას დაძაბულ ორთაბრძოლაში ანგარიშით 6:2, 4:6, 6:4 მოუგო.
საფრანგეთის ღია პირველობის კვალიფიკაციის დასკვნით რაუნდში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ესპანელი ნურია პარიზას დიაზი იქნება.
პარალელურად თავისი მატჩი ჩაატარა 23 წლის მარიამ ბოლქვაძემაც (220), რომელიც გამოცდილ რუს ჩოგბურთელს ვერა ზვონარევას დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა. ბოლქვაძემ მსოფლიოს ყოფილ მეორე ჩოგანთან, რომელიც ამჟამად 96-ე პოზიციას იკავებს, ანგარიშით 3:6, 1:6 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.