ყვითელი ამბები

„დაიბადა ჩვენი ბიჭი...“ – ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე მშობლები გახდნენ – ფოტო

ცნობილი მომღერლისა და მსახიობის ანდრია გველესიანის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა – ის და მისი მეუღლე მაიკო ვაწაძე პირველი შვილის მშობლები გახდნენ.
Sputnik

ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. მაიკო პროფესიით მსახიობია, ხოლო ანდრია, მსახიობობასთან ერთად, მომღერლობასაც ითავსებს. წყვილი „ინსტაგრამზე“ აქტიურობით გამოირჩევა და საკუთარ ყოველდღიურობას ხელმომწერებს ხშირად უზიარებს.

როგორც ცნობილი გახდა, ანდრია და მაიკო დღეს პირველი შვილის მშობლები გახდნენ. მათ ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს. წყვილმა უკვე არაერთი მილოცვა მიიღო, ხოლო მათმა მეგობრებმა ალექსანდრეს დაბადება მრავალჟამიერითა და შამპანურით სამშობიაროს ეზოში აღნიშნეს.

ანდრია გველესიანმა და მაიკო ვაწაძემ სამი წლის წინ იქორწინეს, თუმცა მათი ისტორია 2014 წელს დაიწყო. მათ ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს და სპექტაკლში „მუნჯი ახმედი და ზღვა“ შეყვარებულების როლი ითამაშეს.