საქართველო რეგიონში უდავო ლიდერი გახდა: საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერას უცხადებენ.
Sputnik

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ჩეხეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები ულოცავენ. 

ნიაგარის ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდება

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ანდრეი ბაბიშისა და მატეუშ მორავიეცკის მოსალოც წერილებს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„გულწრფელად გილოცავთ თქვენი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დარწმუნებული ვარ, რომ პანდემიის მიუხედავად მთელ რიგ სფეროებში ჩვენი ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობა კვლავაც მოუტანს სარგებელს ჩვენს ერებს. ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებულ გზაზე", - ნათქვამია ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის მილოცვაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი საქართველოს პრემიერ ღარიბაშვილს პოლონელმა კოლეგა მატეუშ მორავიეცკიმაც გამოუგზავნა

პომპეზურად არა, მაგრამ ლამაზად: საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის ემზადება

„ქართველ ხალხს ვულოცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. პოლონეთი აფასებს საქართველოს ევროპულ კურსს, რომელიც მიმართულია ევროკავშირთან და ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის განმავლობაში თქვენი ქვეყანა გახდა რეგიონში ცვლილებების უდავო ლიდერი, რომელიც დინამიურად ახორციელებს რეფორმებს და ეკონომიკურად ვითარდება", - ნათქვამია პოლონეთის პრემიერის მილოცვაში.

დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.

დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს შესაბამისი აქტი მიიღო.