როგორ აისახება ლარსის გახსნა რუსეთიდან ტურისტების ნაკადზე - ტუროპერატორის თვალსაზრისი

საქართველოში უცხოელებისთვის სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ რუსეთში არსებული ტუროპერატორები არ ელოდებიან რუსეთიდან ტურისტული ნაკადის აღდგენას.
Sputnik

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს მიერ სახმელეთო საზღვრის გახსნა რუსეთიდან ტურისტების ნაკადზე გავლენას არ მოახდენს, მიიჩნევენ რუსი ტუროპერატორები, იუწყება РИА Новости.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვარი გაიხსნება და 50-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეები ქვეყანაში შემოსვლას შეძლებენ სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით ან ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი.

რას ელოდება საქართველო სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ – თურნავას პროგნოზი

„პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტის შემდეგ საქართველოს ტურებზე მოთხოვნამ იკლო. ახლა საზღვრების გახსნა არანაირად არ აისახება ტურებზე, რადგან იქ ძირითადად გაემგზავრებიან ჰუმანიტარული მიზნებით, ნათესავების და მეგობრების მოსანახულებლად, ძირითადად საკუთარი ავტოტრანსპორტით“, - განაცხადეს „ინტურისტის“ პრესსამსახურში.

ტურისტული სააგენტოს ქსელის ТБГ и Горячие туры განვითარების დირექტორის, ტატიანა ბელოვას თქმით, სახმელეთო საზღვრის გახსნით ისარგებლებენ რუსეთისა და საქართველოს საზღვრისპირა რაიონების მცხოვრებნი, რომლებიც საქართველოში ვლადიკავკაზიდან მიემგზავრებიან, ასევე სომხეთ-საქართველოს შორის საავტომობილო მოგზაურობების მსურველები.

„მაგრამ ეს, ჩემი თვალსაზრისით, ტურისტების უმნიშვნელო რაოდენობაა“, - აღნიშნა მან.

2019 წლის ივნისში საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებული აჟიოტაჟისა და საპროტესტო აქციების საპასუხოდ რუსეთმა 2019 წლის 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა.