ოპოზიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევნების შეჩერებას მოითხოვს

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის, რომლებმაც 19 აპრილის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, პრინციპულად მნიშვნელოვანია – არ მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა.
Sputnik

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. მოსამართლეთა კონფერენცია, რომლის მიზანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ახალი წევრის არჩევა, უნდა გადაიდოს, ნათქვამია იმ ოპოზიციური პარტიების ღია წერილში, რომლებმაც 19 აპრილს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მომზადებული შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია.

26 მაისს დანიშნულია მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ახალი წევრი უნდა აირჩიონ. ოპოზიცია, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსი მისი გაუქმების მოწოდებით გამოვიდნენ. პარტია „ლელომ“ კი 19 მაისს პარლამენტში დაარეგისტრირა დოკუმენტი, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმამდე უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევაზე მორატორიუმს ითვალისწინებს.

სასამართლოები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ

ოპოზიციურ ძალებს, რომლებმაც 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმებას მოაწერეს ხელი, პრინციპულად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ არ განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების არჩევა მანამ, სანამ პარლამენტი არ შეიმუშავებს შეთანხმებით გათვალისწინებულ საკანონმდებლო ცვლილებებს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირების მიზნით.

„სასამართლოს სწორი და სიღრმისეული რეფორმა ჩვენი ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული მომავლის ქვაკუთხედია. აღნიშნული საკითხის აქტუალობას ამძაფრებს ისიც, რომ სასამართლოს შესაბამისი რეფორმის განხორციელება წარმოადგენს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გაგრძელების მკაცრ წინაპირობას, რაზეც საუბარი იყო ელჩების მიერ ორი დღის წინ გავრცელებულ განცხადებაშიც“, – ნათქვამია პარტიების წერილში.

როგორც ოპოზიცია აღნიშნავს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ ნდობას – მის გარეშე შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები შედეგს ვერ გამოიღებს. მათი თქმით, სწორედ ამიტომ იყო წარსულში გატარებული სასამართლო რეფორმები წარუმატებელი.

კრიზისი დასრულდა? - როგორ შეაფასეს პოლიტიკოსებმა ხელისუფლების და ოპოზიციის შეთანხმება

ოპოზიციამ თავის თავზე აიღო ვალდებულება, რომ პარლამენტი პრიორიტეტულ ყურადღებას მიაქცევს იუსტიციის საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებს და გონივრულ ვადაში მიიღებს შესაბამის ცვლილებებს, რათა ინსტიტუტების მუშაობა არ შეფერხდეს. ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მართლმსაჯულების სხვა საკითხების რეფორმირება განხორციელდეს ეტაპობრივად, არაუგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა, როგორც ეს შეთანხმებაშია მითითებული.

ღია წერილს ხელს აწერენ: საპარლამენტო ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“, პოლიტიკური გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებელი“, ხათუნა სამნიძე („რესპუბლიკური პარტია“), დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ბაქრაძე და ზურა ჯაფარიძე („გირჩი – მეტი თავისუფლება“).

თავის მხრივ, მმართველი პარტიისთვის მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ვაკანტური ადგილების შევსება.

ოპოზიციამ სასამართლო რეფორმის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი

„მოთხოვნა ამგვარადაა დაყენებული: ვიდრე რეფორმის შემდგომი ტალღა არ განხორციელდება და შესაბამისი შედეგები არ იარსებებს, არც ერთი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული. სიმართლე გითხრათ, მე მგონია, რომ ამ პროცესების ხანგრძლივი პერიოდით გაჩერება შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს. იმ მოწოდებების შესრულება, რომლისკენაც ოპოზიციის ლიდერები მოგვიწოდებენ, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, სასამართლოს დამოუკიდებლობას დააკნინებს“, – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

„თუ 26 მაისს დაგეგმილი კონფერენცია არ ჩატარდება, 24 ივნისის შემდეგ საბჭო პრაქტიკულად პარალიზებული იქნება. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებლად უნდა ჩატარდეს კონფერენცია და მოსამართლეთა კორპუსმა უნდა აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი მოსამართლე წევრები. ვიცი, რომ ამაში ჩემი კოლეგებიც მიჭერენ მხარს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ საბჭომ ფუნქციონირება შეუფერხებლად გააგრძელოს და მასზე კანონით დაკისრებული უფლებამოსილება შეასრულოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი ორგანო, რომლის მიზანიც ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობაა. სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება პირველი ორი ინსტანციის სასამართლოთა მოსამართლეების დანიშვნა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა, ასევე საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისგან. მასში შედიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; რვა მოსამართლე, რომელსაც მოსამართლეთა კონფერენციის წევრები ირჩევენ; კიდევ ხუთ წევრს ნიშნავს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ერთ წევრს პრეზიდენტი წარადგენს.