ნიაგარის ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კანადის დედაქალაქ ოტავასა და ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ ტორონტოში რიგი ღონისძიებებით აღნიშნავენ
Sputnik

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის პატივსაცემად ნიაგარის ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში პირველად განათდება, ნათქვამია კანადაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

26 მაისს, ადგილობრივი დროით 21:45 საათზე კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარის ჩანჩქერი თეთრ–წითელ ფერებში განათდება.

„კანადის მხარის ეს გადაწყვეტილება ემყარება ჩვენს საელჩოსა და ნიაგარის რეგიონს შორის ჩამოყალიბებულ ახლო საქმიან ურთიერთობებს. 2019 წელს დავიწყეთ თანამშრომლობა ნიაგარის კოლეჯის ღვინის ინსტიტუტთან. ინსტიტუტის უნიკალურ საცდელ ვენახს გასულ წლებში საფერავისა და ჩინურის ჯიშის ვაზი დაემატა. ინსტიტუტს საჩუქრად ასევე გადავეცით ქართული ქვევრი, რომლის მეშვეობითაც კანადელი სტუდენტები შეისწავლიან ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

პომპეზურად არა, მაგრამ ლამაზად: საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის ემზადება

საელჩოს წარმომადგენლების განმარტებით, ნიაგარის ღვინის ინსტიტუტის პროფესორებისა და სტუდენტების დიდი ჯგუფი საქართველოში ვიზიტს გეგმავს მას შემდეგ, რაც კანადაში ეპიდვითარება გაუმჯობესდება.

წელს კანადაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ოტავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღების გამართვის შესაძლებლობას არ იძლევა, ამიტომაც საელჩომ კანადელ პარტნიორებთან ერთად რამდენიმე ღონისძიება დაგეგმა, რომელიც კანადაში საქართველოს ეროვნული დღის ღირსეულად აღნიშვნის საშუალებას მოგვცემს, განმარტეს საელჩოში.

26 მაისს ოტავისა და ტორონტოს მერიის შენობების წინ საზეიმოდ აღიმართება საქართველოს დროშა.

1 ივნისს ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის დედაქალაქ ვიქტორიაში, გუბერნატორის სასახლეში გაიხსნება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ვიქტორიაში არსებული „აფხაზის ბოტანიკური ბაღის“ დამაარსებლის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიდი ქართველი მოღვაწის კოტე აფხაზის შვილის, ნიკო აფხაზის საგვარეულო ქართული ჩოხა. ამ ჩოხის ასლი საელჩომ ქართულ კომპანია „სამოსელი პირველს“ დაამზადებინა.

გამოფენა 25 მაისს უნდა გახსნილიყო, თუმცა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ივნისის დასაწყისისთვის გადაიდო.