ევროპა ბელარუსიდან ავიარეისების მიღებას წყვეტს

ევროკავშირის ლიდერები ასევე მოითხოვენ ოპოზიციონერი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩისა და მისი მეგობარი ქალის გათავისუფლებას.
Sputnik

თბილისი, 25 მაისი − Sputnik. ევროკავშირის სამიტმა მიიღო გადაწყვეტილება, აუკრძალოს ბელარუსის ავიაკომპანიებს ევროკავშირში ფრენები, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ამასთან ევროკავშირის ლიდერებმა საკუთარ ავიაკომპანიებსაც მისცეს რეკომენდაცია, უარი თქვან მინსკში ფრენებზე.

„მიღებულ იქნას აუცილებელი ზომები ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსული ავიაკომპანიებისთვის ფრენების აკრძალვისა და მათთვის ევროკავშირის აეროპორტებზე წვდომის აღკვეთის  მიზნით“, − ნათქვამია  განცხადებაში.

ამასთან ევროკავშირმა მოუწოდა ევროკავშირში ბაზირებულ ყველა ავიაგადამზიდს, თავი აარიდონ ბელარუსის გავლით რეისების შესრულებას.  

გარდა ამისა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების მოწოდებაა – ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტის ფონზე „შეძლებისდაგვარად სწრაფად“ დაწესდეს სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ.

Ryanair-ის ინციდენტი: ბაიდენმა ადმინისტრაციას ზომების მიღება დაავალა

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების კიდევ ერთი მოთხოვნა − ჟურნალისტ რომან პროტასევიჩისა და მისი მეგობარი ქალის სოფია საპეგას გათავისუფლებაა, რომლებიც ბელარუსის ხელისუფლებამ მინსკის აეროპორტში დააკავა.

23 მაისს ავიაკომპანია Ryanair-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, საგანგებო რეჟიმში დაჯდა მინსკის აეროპორტში ბორტზე ნაღმის არსებობის შესახებ ცნობის გამო. ადგილზე მობილიზებული იყვნენ გამნაღმველები, თუმცა ინფორმაცია არ დადასტურდა.

აღნიშნული თვითმფრინავით მგზავრობდა ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი − ბელარუსში ექსტრემისტულად აღიარებული Telegram-არხ Nexta-ს დამაარსებელი და ასევე ექსტრემისტულად ცნობილი ტელეგრამ-არხ Беларусь головного мозга-ს მთავარი რედაქტორი, რომელიც მინსკის აეროპორტში დააპატიმრეს. პროტასევიჩი რესპუბლიკაში ტერორიზმთან დაკავშირებული პირების სიაშია შეყვანილი. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლითაა აღძრული, მათ შორის, „მასობრივი არეულობის ორგანიზების“ მუხლით. მას შესაძლოა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდეს.

მოგვიანებით ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ოპოზიციონერი ჟურნალისტი პროტასევიჩი კამერის წინ ამბობს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში მას კარგად ექცევიან.