პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა

ანჯეი დუდა მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზიმო ღონისძიებებში, შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს
Sputnik

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მეუღლესთან ერთად ოთხშაბათს, 26 მაისს თბილისს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ნათქვამია პოლონეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეწვევა

ვიზიტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნას ეძღვნება. პოლონეთის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა საზეიმო ღონისძიებაზე, ასევე დაესწრება ამ დღისადმი მიძღვნილ გალა–კონცერტს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში.

ვიზიტის მეორე დღეს, 27 მაისს ანჯეი დუდა შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ და პოლონეთმა 1992 წლის 28 აპრილს დაამყარეს. ამ ხნის განმავლობაში ქვეყნებს შორის გაფორმდა 15–ზე მეტი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლებიც არეგულირებს თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონული განვითარების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში.