ყაჩაღობა სამეგრელოში: ბოროტმოქმედებმა ქალი სასტიკად აწამეს

დაშავებული ქალი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
Sputnik

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირებმა 60 წლამდე ქალბატონი სასტიკად აწამეს და, სავარაუდოდ, თანხა წაიღეს.

ყაჩაღობა და მუქარა სენაკში: მამაკაცს 9 წლით პატიმრობა შეეფარდა

შემთხვევა მარქსის დასახლებაში წუხელ, კომენდანტის საათის დროს მოხდა, როდესაც ქალი საცხოვრებელ სახლში მარტო იმყოფებოდა. ბოროტმოქმედებმა მას მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, „სკოტჩით“ შეკრეს და გამათბობელზე მიაბეს.

„კივილის ხმა გავიგეთ. მივედით და ვნახეთ, რომ სასტიკად ნაცემი, გამათბობელთან თოკით იყო დაბმული... სავარაუდოდ, ბოროტმოქმედებმა თანხა წაიღეს", – აცხადებენ ადგილობრივები.

დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, მას სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე (ყაჩაღობა) და 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ნიკა ლატარია