თურნავა: მოსახლეობა სიმართლეს ნამახვანჰესის შესახებ ქუჩასა და კარვებში არ უნდა იგებდეს

ბევრი არასწორი ინფორმაცია, ბევრი მითი ვრცელდებოდა „ნამახვანჰესის“ პროექტის შესახებ და მთავრობა, ინვესტორთან ერთად, მაქსიმალურად ცდილობს ეს მითები გააქარწყლოს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
Sputnik
თურნავა: მოსახლეობა სიმართლეს ნამახვანჰესის შესახებ ქუჩასა და კარვებში არ უნდა იგებდეს
„როდესაც საუბარია ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე, პროექტის დეტალებზე – ეს პასუხები უნდა გაიცეს კომპეტენტურად, ექსპერტების დახმარებით, მათი ჩართულობით, რა თქმა უნდა, არა ქუჩაში, არა კარვებში და არა მეგაფონის მოშველიებით – ეს არ არის სწორი ფორმატი იმისთვის, რომ მოსახლეობამ გაიგოს პროექტის შესახებ სიმართლე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კვირას თბილისში საპროტესტო აქციაზე „ნამახვანჰესის" მშენებლობის ათასობით მოწინააღმდეგე შეიკრიბა. მათ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ მთავრობამ თურქულ კონტრაქტორ კომპანია ENKA-სთან რიონზე ჰესის მშენებლობის შესახებ კონტრაქტი გააუქმოს. გარდა ამისა ითხოვენ მთავრობის დადგენილების გაუქმებას ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივად გადაცემის შესახებ, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომას, ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.