„მაღლა აწეული ხელებით" – სად შესთავაზეს კუჭავას „რიონის ხეობის მცველებმა" შეხვედრა

ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქციის მონაწილეები ხელისუფლებასთან დიალოგში არ შედიან, უბრალოდ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის აზრს მოისმენენ
Sputnik

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. თბილისის ცენტრში შეკრებილი „ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნის მიზნით დედაქალაქის ქუჩებში მშვიდობიანი მსვლელობის მოწყობას და სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებას გეგმავენ, იუწყება Sputnik-ის კორესპონდენტი ადგილიდან.

სამოქმედო გეგმა რესპუბლიკის მოედანზე გამართული აქციის მონაწილეებს სცენიდან მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების" ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა გააცნო. მისი თქმით, აქციის ორგანიზატორებს დაუკავშირდა პარლამენტის სპიკერი კახა კუჭავა და შეხვედრა შესთავაზა.

ღარიბაშვილი: ულტიმატუმის ენით მთავრობასთან ლაპარაკი არ შეიძლება

„ჩვენ მას პარლამენტის შენობასთან შეხვედრა შევთავაზეთ. ჩვენ მშვიდობიანად მივალთ პარლამენტის უკანა მხრიდან, დაველოდებით და დაველაპარაკებით. თუ ისინი შეხვედრაზე არ გამოვლენ, მზად ვართ მოლაპარაკებისთვის პარლამენტში რამდენიმე ადამიანი მედიის წარმომადგენლებთან ერთად შევიდეს", - განაცხადა გოლეთიანმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ კუჭავასთან შეხვედრა არ ნიშნავს დიალოგის დაწყებას, რამდენადაც აქციაზე შეკრებილი ადამიანები არ აპირებენ დათმობაზე წასვლას და ხელისუფლებისგან მოთხოვნების შესრულებას ელოდებიან.

„ჩვენ ველოდებით მათ ზარს და პასუხს. თუ ისინი არ დაგვირეკავენ, ჩვენ გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ და პიკეტირებას დავიწყებთ", – განაცხადა გოლეთიანმა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მომხრეებთან ერთად იქნება მიღებული.

გოლეთიანმა ხელისუფლება გააფრთხილა, თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და აქციის მონაწილეების დაკავებებისგან, რათა შექმნილი ვითარება უფრო მეტად არ დაიძაბოს.

„ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი 210-ე დღეა იმართება. გუშინ ისინი თბილისში შეიკრიბნენ. "რიონის ხეობის მცველებს" მიაჩნიათ, რომ პროექტთან დაკავშირებით დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შესახებ ზუსტ პასუხს არ იძლევა პროექტის უსაფრთხოების შესახებ.