თბილისი, 24 მაისი - Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე რამდენიმე ასეულმა ადამიანმა თბილისში სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან მოძრაობა გადაკეტა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.
„მაღლა აწეული ხელებით" - სად შესთავაზა კუჭავამ „რიონის ხეობის მცველებს" შეხვედრა>>
„ნამახვანჰესის" მშენებლობის ათასობით მოწინააღმდეგე კვირას თბილისში საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა. მათ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და საკუთარი მოთხოვნების შესრულება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ მთავრობასა და თურქულ კონტრაქტორ კომპანია ENKA-სთან რიონზე ჰესის მშენებლობის შესახებ კონტრაქტის გაუქმებას, მთავრობის დადგენილების გაუქმებას ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივად გადაცემის შესახებ, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.
მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების" ულტიმატუმის მოქმედების ვადა დღეს, 12:00 საათზე ამოიწურა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისგან სასურველი პასუხი ვერ მიიღეს და ამიტომ მათ მსვლელობა მოაწყვეს.
პროტესტის ერთ-ერთი ლიდერის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ადამიანები ყოველგვარი ნიშნის დაყოფის გარეშე ერთმანეთს გვერდით უნდა დაუდგნენ, რათა საქართველოსთვის კეთილი საქმე გაკეთდეს.
ამჟამად აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, რომელიც ისედაც გადაკეტილია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის მზადების გამო.