გარდაიცვალა ლეგენდარული მწვრთნელი თავისუფალ ჭიდაობაში დიმიტრი მინდიაშვილი

რუსთავში დაბადებულმა სპორტსმენმა მოღვაწეობა გააგრძელა რუსეთში, სადაც უამრავი ჯილდოს და წოდების მფლობელი გახდა.
Sputnik

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ლეგენდარული მწვრთნელი თავისუფალ ჭიდაობაში დიმიტრი მინდიაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორის პრესსამსახური.

განთქმული მწვრთნელი კრასნოიარსკის საავადმყოფოში ოთხი დღის განმავლობაში იმყოფებოდა - მას პნევმონია დაუდგინდა.

ცნობილი მწვრთნელი ნუგზარ სხიერელი გარდაიცვალა

დიმიტრი მინდიაშვილი (მიტო) დაიბადა 1933 წელს 4 ივნისს რუსთავში. 1957 წლიდან მოღვაწეობდა კრასნოიარსკში. იყო საბჭოთა კავშირის, რუსეთისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, პროფესორი, გამოქვეყნებული აქვს 25 ნაშრომი, მათ შორის „დიდი ხალიჩის ოსტატი", „თავისუფალი ჭიდაობის ილეთების ენციკლოპედია" და სხვ.

მინდიაშვილი აღიარებულია საბჭოდა კავშირის საუკეთესო მწვრთნელად და რუსეთის XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად, მისი აღზრდილები არიან სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბუვაისარ საიტიევი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ივან იარიგინი. დაჯილდოებულია ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) ოქროს ორდენით.

1972 წლიდან მწვრთნელის პოზიციაზე იღებდა მონაწილეობას ყველა საზაფხულო ოლიმპიადაში, ხოლო ახლახან დიმიტრი მინდიაშვილს პირველს კრასნოიარსკის მხარეში რუსეთის ფედერაციის შრომის გმირის წოდება მიენიჭა.

1973 წლიდან გახსნა კრასნოიარსკში უმაღლესი სპორტული ოსტატობის სკოლა ჭიდაობის სახეობებში, რომელიც 2008 წლიდან დიმიტრი მინდიაშვილის სახელობის აკადემიად გადაკეთდა.