„ევროვიზია - 2021“ და კირკოროვი: არტისტისათვის ეს შესაძლოა ბოლო შოუ გახდეს

ცნობილმა რუსმა შემსრულებელმა ფილიპ კირკოროვმა ევროვიზიისადმი თავის დღევანდელ დამოკიდებულებაზე ღიად ისაუბრა.
Sputnik

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. შემსრულებელმა და პროდიუსერმა ფილიპ კირკოროვმა Super-ის Youtube-არხზე ნიდერლანდებში ჩატარებულ „ევროვიზია - 2021“-ის შესახებ თავის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

ესტრადის ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ დიდი ხანია „ევროვიზიაზე“ გამოდის როგორც პროდიუსერი და არა როგორც მომღერალი, ვინაიდან არ სურს გამეორდეს.

„მე არ ვცხოვრობ repit-ით. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში, ძალიან მინდოდა იქ მოხვედრა. როდესაც შემომთავაზეს, დაახლოებით 25 წლის ვიყავი. გააზრებული მქონდა, რომ მზად არ ვიყავი, სიმღერა არ იყო, მაგრამ მინდოდა ჩემი ოცნების ხორცშესხმა. გავემგზავრე. ახლა ვუყურებ ჩემს 1995 წლის გამოსვლას - არც ერთი ნოტის გამო არ მრცხვენია“, - აღნიშნა კირკოროვმა.

როგორც შოუმენი აღიარებს, მაშინ ის „ფეხქვეშ გათელეს“. მაგრამ მომღერალი არ გატყდა, არ დანებდა, პირიქით, თავი ხელში აიყვანა და მენტორის როლი მოირგო. კირკოროვი მუშაობდა დიმიტრი კოლდუნთან, ანი ლორაკთან, ფარიდ მამედოვთან, სერგეი ლაზარევთან, რომელიც ორჯერ გავიდა მეორე ადგილზე.

„ეს გუნდური მუშაობაა. როგორც ჩანს, რაღაც გვაკლია. მაგრამ რა, ჯერ კიდევ არ ვიცით. ალბათ ოდესმე გავიგებთ და ბინგო აუცილებლად მოხდება“, - აღნიშნა კირკოროვმა.

ამასობაში კონკურსმა მას ძალა გამოაცალა. კირკოროვმა აღიარა, რომ დაიღალა და სახლში დაბრუნება უნდა.

„დღეებს ვითვლი, როდის დასრულდება ეს ყველაფერი... შეიძლება ასაკის ბრალია. უკვე 54 წლის ვარ. იქნებ, უკვე ბუზღუნა ვარ. „ევროვიზია“ აღარ მახალისებს. შეიძლება ეს ჩემი ბოლო „ევროვიზიაც“ იყოს. ვინ იცის?! სიმართლე გითხრათ, დავიღალე“, - გამოტყდა მომღერალი.

„ევროვიზია - 2021“-ის ფინალში შემსრულებელმა ნატალია გორდიენკომ, რომელიც მოლდოვას სახელით წარდგა, კომპოზიციით Sugar მე-13 ადგილი დაიკავა.