კომპანია ENKA „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან დიალოგისთვის მზადაა

აქციის მონაწილეები მოითხოვენ მთავრობასა და კონტრაქტორი კომპანია ENKA-ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ შეთანხმების გაუქმებას.
Sputnik

თბილისი, 23 მაისი – Sputnik. კომპანია ENKA მზადაა დიალოგისთვის რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

დღეს თბილისის ცენტრში მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე 209-დღიანი უწყვეტი პროტესტისა და მომზადების შემდეგ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ათასობით მოწინააღმდეგე შეიკრიბა. მათ ხელისუფლებას მისცეს დრო 24 მაისის 12:00 საათამდე მოთხოვნების შესასრულებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში კი თბილისის პარალიზებას გეგმავენ.

თბილისის ცენტრში კარვების ქალაქი გაიშალა

მომიტინგეები მოითხოვენ მთავრობასა და კონტრაქტორი კომპანია ENKA-ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ შეთანხმების გაუქმებას, მთავრობის დადგენილების გაუქმებას, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები მოითხოვენ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას არამარტო ნათია თურნავას, არამედ ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც ხელს აწერს „ნამახვანჰესის“ პროექტზე დოკუმენტაციას, მათ შორის ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ.

ENKA-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათთვის როგორც ხეობის მცხოვრებთა, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი მნიშვნელოვანია.

„ვაცნობიერებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერსებულ მხარესთან. მიგვაჩნია, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ნებისმიერი საქმიანი ფორმატი, დიალოგის ყველა შესაძლებლობა, რათა პასუხგაუცემელი არ დარჩეს არც ერთი პრობლემური კითხვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ENKA-ში ირწმუნებიან, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება რიონის ხეობის მცხოვრებლების და მთელი ქვეყნის კეთილდღეობას.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

გოლეთიანი: მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თბილისის პარალიზება მოხდება

„ნამახვანჰესი“ კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. ეს ფართობი საქართველოში არსებულ ნებისმიერ კაშხალზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის წყალსაცავის ფართობი 11,6 კვ.კმ-ია, „ენგურჰესის“ – 13,6 კვ.კმ, შაორის წყალსაცავის – 9,1 კვ.კმ. „ნამახვანჰესის“ კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი“ და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი“.

ამასთან, ხეობაში წყალდიდობის თავიდან აცილების მიზნით კაშხლის საშუალებით წყლის დონის რეგულირება მოხდება.

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.