თბილისის ცენტრში კარვების ქალაქი გაიშალა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში უკვე შვიდი თვეა გრძელდება.  აქტივისტები ნამახვანჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან  და ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნას უყენებენ.
Sputnik

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედანზე, გზის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს.

დღეს თბილისის ცენტრში მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე 209-დღიანი უწყვეტი პროტესტისა და მომზადების შემდეგ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ათასობით მოწინააღმდეგე შეიკრიბა. მათ ხელისუფლებას მისცეს დრო 24 მაისის 12:00 საათამდე მოთხოვნების შესასრულებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში კი თბილისის პარალიზებას გეგმავენ.

თბილისის ცენტრში კარვების ქალაქი გაიშალა

აქტივისტების განცხადებით, თუ რამდენ ხანს იქნება კარვები გაშლილი, დამოკიდებულია იმაზე, ხელისუფლება შეასრულებს თუ არა იმ მოთხოვნებს, რომლებიც რიონის ხეობის მცველებმა გააჟღერეს.

„ბევრი ადამიანი სხვადასხვა რეგიონიდან უერთდება პროტესტს, ბევრი ადამიანია ჩამოსული, ისინი რჩებიან და ღამეს ათევენ. შეძლებისდაგვარად ნორმალურად რომ გაათენონ ღამე, მათთვის არის ეს კარვები, სადაც მოისვენებენ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გავრცელებული ინფორმაციით, რესპუბლიკის მოედანზე დაახლოებით 50 კარავი განთავსდება.

მომიტინგეები მოითხოვენ მთავრობასა და კონტრაქტორი კომპანია ENKA-ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ შეთანხმების გაუქმებას, მთავრობის დადგენილების გაუქმებას, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები მოითხოვენ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას არამარტო ნათია თურნავას, არამედ ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც ხელს აწერს „ნამახვანჰესის“ პროექტზე დოკუმენტაციას, მათ შორის ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, მის განხორციელებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.

Enka მოსახლეობის სრული ინფორმირების მიზნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს

მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9–12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. თუმცა მორატორიუმი არ შეეხება რიონის ხეობაში სხვა სამშენებლო სამუშაოების პროცესს.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობასა და თურქულ კონტრაქტორ კომპანია ENKA-ს შორის დადებული ხელშეკრულება შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს გადაეცა.

ასევე, საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი.