„ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ მასშტაბური აქციის მოლოდინში:რა დღის წესრიგი აქვთ ორგანიზატორებს

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში უკვე შვიდი თვეა გრძელდება. მთავრობასთან დიალოგის შედეგად მოხერხდა კაშხლის მშენებლობაზე 9–12 თვის ვადით მორატორიუმის მიღწევა, მაგრამ აქტივისტები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ.
Sputnik

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ხვალინდელ საპროტესტო აქციაზე ორგანიზატორები კონკრეტულ გეგმებზე ინფორმაციას გააჟღერებენ, განაცხადა „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწონააღმდეგეები მოითხოვენ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტის შეწყვეტას, ჰესის მშენებელი კომპანია Enka-სთან ხელშეკრულების გაწყვეტას და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას.

გოლეთიანის თქმით, აქციაზე რეგიონებიდან ჩამოსვლა ძალიან ბევრ ადამიანს სურს. ქუთაისიდან ავტოკოლონა დილის 08:00 საათიდან დაიძრება და მას გზადაგზა მანქანები სხვა რეგიონებიდან შეუერთდებიან. შეკრება რესპუბლიკის მოედანზე 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო 15:00 საათისთვის უკვე აქცია და სიტყვით გამოსვლა დაიწყება. მისივე თქმით, ხვალინდელი მიტინგი ძირითადად საინფორმაციო ხასიათის იქნება.

„განგრძობად აქციებს ვგეგმავთ და გადანაწილებული გვაქვს გარკვეული დღის წესრიგი, თუმცა გვინდა, კონკრეტულ გეგმებზე ტრიბუნიდან გავავრცელოთ ინფორმაცია და წინასწარ ამაზე არ ვსაუბრობთ“, - განაცხადა გოლეთიანმა.
„არა „ნამახვანჰესს“!  – რას გეგმავს ვარლამ გოლეთიანი 23 მაისს თბილისში

მისი თქმით, რესპუბლიკის მოედანზე ხვალიდან გრძელვადიანი აქცია დაიწყება.

„208 დღეა რიონის ხეობაში ვართ, რა რეჟიმიც იქ გვაქვს, გავაგრძელებთ დედაქალაქში. რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ გვიწევს ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარება, სხვანაირად ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიეთ... საბოლოო ჯამში, ყველაფერზე უარი განაცხადეს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

როგორც გოლეთიანმა ადრე განაცხადა, აქციაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არ გამოვლენ.

„ჩვენთან სცენაზე არავინ დადგება ამ სახეებიდან, თუ ხალხში მრავალათასიან აქციაზე ვიღაც სადღაც მოვა, დადგება, შემოუერთდება და თავის პოზიციას დააფიქსირებს, ამაში არ ჩავერევით და ვერც ჩავერევით. გავაკონტროლებთ სიმბოლიკას, მოვუწოდებთ, ნუ იაქტიურებენ იმაზე მეტად, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქე აქტიურობს, ყველამ რომ იცოდეს თავისი ფარგლები", - თქვა ვარლამ გოლეთიანმა. 

„რიონის ხეობის მცველები“ თბილისში მასშტაბურ აქციას პირველად ატარებენ. მანამდე ორი მრავალათასიანი მიტინგი ქუთაისში გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, მის განხორციელებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.

მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9–12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. თუმცა მორატორიუმი არ შეეხება რიონის ხეობაში სხვა სამშენებლო სამუშაოების პროცესს.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობასა და თურქულ კონტრაქტორ კომპანია ENKA-ს შორის დადებული ხელშეკრულება შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს გადაეცა.