საქართველოში ზაფხულში შეიძლება პური გაძვირდეს

თუ ხორბალი გაიაფდება, მაშინ სუბსიდირების საჭიროებაც აღარ დარჩება, რადგან იაფი ფქვილი სხვა დანახარჯებს დააბალანსებს.
Sputnik

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. თუ საქართველოს მთავრობა ხორბლის ფქვილის სუბსიდირების გაგრძელების გადაწყვეტილებას არ მიიღებს ახალი პირობებით, ივლისში პური შეიძლება 10–15 თეთრით გაძვირდეს, განაცხადა საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში.

პურის გაძვირების თავიდან ასაცილებლად საქართველოს ხელისუფლებამ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო. ოთხი თვის განმავლობაში, 31 მარტის ჩათვლით სუბსიდია ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე 10, შემდეგ კი 15 ლარს შეადგენდა. შემდეგ სუბსიდირება 1 ივლისამდე გაგრძელდა და სუბსიდიის თანხა 20 ლარამდე გაიზარდა.

საქართველოში ფასები კვლავ იზრდება: ახალი მონაცემები ინფლაციასთან დაკავშირებით

„პურის საცხობები მაქსიმალურად ინარჩუნებენ ფასს პურზე. მაგრამ ისეთი პროდუქტების გაძვირების პირობებში, როგორიცაა მზესუმზირის ზეთი, მარილი, საფუარი, ფქვილზე სუბსიდია საკმარისი აღარაა იმისთვის, რომ გაზრდილი ხარჯების კომპენსირება მოხდეს. ჩვენ ვთავაზობთ პურის ფასის 10 თეთრით გაძვირებას, ან, თუ გაგრძელდება სუბსიდირება, ფქვილის არა 53 ლარად, არამედ 50 ლარად მოცემას“, – განაცხადა დოლიძემ.

წისქვილკომბინატებისთვის დაწესებულია ფიქსირებული ფასი – 53 ლარი პირველი ხარისხის ფქვილის 50 კგ-იან ტომარაზე. იმ წისქვილკომბინატებისთვის, რომლებიც პურის ქარხნებს პირველი კატეგორიის ფქვილის ერთ ტომარას 53 ლარად მიჰყიდიან, მთავრობამ სუბსიდია დააწესა. პროგრამის მონაწილეები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული წისქვილკომბინატები.

სუბსიდიის გარეშე პურის ფასი ვერ შენარჩუნდება: პურის მცხობელთა ასოციაცია>>

პურის მწარმოებელთა კავშირმა შეხვედრები გამართა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან და მათ მძიმე მდგომარეობის შესახებ აცნობა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება, ჯერ უცნობია. სუბსიდირების დასრულებამდე თვეზე ცოტა მეტი დარჩა – პროგრამა 30 ივნისს დასრულდება.

რატომ გაძვირდა ზეთი: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტება

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ვარაუდობს, რომ სუბსიდირება შეიძლება საჭირო არც გახდეს, რადგან ხორბლის ფასი მსოფლიო ბაზრებზე მცირდება.

„თუ ხორბალი გაიაფდა, მაშინ სუბსიდირების აუცილებლობაც შეიძლება აღარ იყოს, რადგან ეს სხვა დანახარჯებს დააბალანსებს. სავარაუდოდ 15 ივნისს გაიმართება თათბირი მთავრობასთან, რომელზეც ეს საკითხი იქნება განხილული“, – განუცხადა სილაგავამ „Sputnik–საქართველოს“.

მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, პურის ფასი მტკივნეული თემაა საქართველოს მოსახლეობისთვის. რომ არა სუბსიდირება, თეთრი პურის ფასი 15–20 თეთრით მოიმატებდა.