კარლ ჰარცელი: ელექტროავტობუსები ევროკავშირის პრიორიტეტების შესანიშნავი მაგალითია

ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ავტობუსებზე სრულად გადასვლა იგეგმება თბილისშიც. როგორც ადრე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ეს პროცესი 2023 წელს დასრულდება.
Sputnik

თბილისი, 21 მაისი - Sputnik. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ბათუმში ევროკავშირის დაფინანსებით შეძენილი ელექტროავტობუსები დაათვალიერა, იუწყება პირველი არხი.

კარლ ჰარცელი ბათუმში მესამე დღეა იმყოფება და რეგიონში ევროკავშირის მიერ განხორციელებულ პროექტებს ეცნობა.

მან „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მოინახულა.

„ელექტროავტობუსები არის შესანიშნავი მაგალითი ევროკავშირის პრიორიტეტებისა, როგორიც არის ენერგოეფექტურობა და გარემოს დაცვა. ჩვენ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან (EBRD) და გაეროს განვითარების ფონდთან ერთად ვმუშაობთ ტრანსპორტის სტრატეგიაზე და ბათუმის მეტად გამწვანებაზე, შესაბამისი სამოქმედო  გეგმა უკვე დამტკიცებულია“, – აღნიშნა ჰარცელმა. 

ბათუმი პირველია: საქართველოში ელექტროავტობუსები შემოდის

საქართველოში ბათუმი პირველი ქალაქია, სადაც  2020 წლის შემოდგომაზე მუნიციპალური ელექტროავტობუსები გამოჩნდა. ავტობუსები საქართველომ ბელარუსული სამრეწველო საწარმო Belkommunmash-სგან შეისყიდა – პირველ ეტაპზე მუნიციპალური ავტოპარკი რვა ელექტროავტობუსით შეივსო.

ახალი ელექტროავტობუსები სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებზე, ამასთან, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტის გათბობით, კონდიცირებით, ხმოვანი სისტემითა და ვიდეოკამერებით. ელექტროავტობუსები 70-მდე მგზავრზეა გათვლილი.

ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკის (EBRD) შეღავათიანი სესხის ფარგლებში განხორციელდა საერთაშორისო ტენდერის საშუალებით. აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფონდმა ბათუმის ავტოპარკის განახლების პროექტისთვის 1,5 მლნ ევრო გამოყო, დაახლოებით 2,3 მლნ კი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან (EBRD) შეღავათიანი სესხის სახით იქნა მიღებული.