COVID-19 - ბოლო ცნობები

ევროკავშირში სამი სახის COVID–სერტიფიკატს შემოიღებენ

ევროკავშირში ხელმისაწვდომი იქნება კორონავირუსის სამი სახის სერტიფიკატი: ვაქცინაციის, COVID-სგან გამოჯანმრთელებისა და ტესტირების გავლის შესახებ.
Sputnik

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ევროკავშირში 1 ივლისიდან ხელმისაწვდომი იქნება კორონავირუსის სამი სახის სერტიფიკატი: ვაქცინაციის შესახებ, COVID-სგან გამოჯანმრთელების და ტესტირების გავლის შესახებ, განაცხადა ევროკომისარმა იურიდიულ საკითხებში დიდიე რეინდერსმა ბრიფინგზე, იუწყება РИА Новости.

„1 ივლისიდან სამი სახის სერტიფიკატი იქნება ხელმისაწვდომი: ვაქცინაციის შესახებ, ნეგატიური ტესტის შესახებ და COVID-სგან გამოჯანმრთელების შესახებ. ისინი ევროკავშირის ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. მისი მიღება შესაძლებელია ელექტრონულ მატარებლებზეც და ბეჭდური სახითაც", – განაცხადა მან.

ევროკომისარმა ასევე განმარტა, რომ ევროკომისია 100 მილიონ ევროს გამოყოფს, რათა მაქსიმალურად გაიაფდეს მოქალაქეებისთვის ტესტების ჩატარება კორონავირუსის სერტიფიკატში ინფორმაციის შესატანად.

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ გუშინ კორონავირუსის სერტიფიკატის დანერგვაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. კანონპროექტი 26 მაისს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტში უნდა დაამტკიცონ, ხოლო შემდეგ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე – 7-10 ივნისს.

ევროპაში მოგზაურებისთვის ერთიანი სანიტარიული სერტიფიკატი შემოდის: გამოცხადდა თარიღი

ევროპულმა კომისიამ კანონპროექტი ევროკავშირში კორონავირუსის ციფრული სერტიფიკატის დანერგვის შესახებ 17 მარტს წარმოადგინა. სერტიფიკატში მოცემული იქნება მონაცემების სამი ვარიანტი: ინფორმაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის შესახებ, უარყოფითი PCR–ტესტის შესახებ ან კორონავირუსის გადატანის ფაქტის შესახებ და იმუნიტეტის არსებობაზე. საუბარია ევროკავშირის მიერ ცენტრალიზებულად მოწონებულ ვაქცინებზე, თუმცა კავშირის ქვეყნებს უფლება ექნებათ, დამოუკიდებლად აღიარონ სხვა ვაქცინებიც.

ასეთი სერტიფიკატის გამოყენება შესაძლებელი იქნება მობილური ტელეფონისა და QR–კოდის მეშვეობით. ევროკავშირის ჩანაფიქრით, სერტიფიკატებმა, ერთი მხრივ, უნდა გამორიცხოს დისკრიმინაცია, ხოლო მეორე მხრივ, დააჩქაროს მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება კავშირის ქვეყნებში.

ევროკომისია გამოდის წინადადებით, COVID–სერტიფიკატი ევროკავშირის ქვეყნებში დროებით ამოქმედდეს, სანამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საერთაშორისო საგანგებო სიტუაციას არ გააუქმებს. სავარაუდოდ, სერტიფიკატის მოქმედების ვადა 12 თვით განისაზღვრება.