ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 67 მილიონი დოლარის გრანტი გამოუყო

საგრანტო სახსრები მოხმარდება ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, კერძო სექტორი, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება, განათლება, სოფლის მეურნეობა, გარემო.
Sputnik

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ახალი საგრანტო ხელშეკრულება, რომელსაც საქართველომ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) მოაწერეს ხელი, საქართველოსთვის პირველ ეტაპზე 67 მლნ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და USAID-ს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა. ცერემონიაში მონაწილეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველო პანდემიით დაზარალებული საწარმოების დასახმარებლად 85 მლნ ევროს მიიღებს

„საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის" შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნას, ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას... USAID პირველ ეტაპზე დაახლოებით 67 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს და ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება 330 მლნ დოლარამდე გაზრდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილია პროექტების რეალიზება ბევრი მიმართულებით: კონფლიქტების მოგვარება, სოფლის მეურნეობისა და კერძო სექტორის განვითარება, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება, საბაზისო განათლება, სოციალური სერვისები, გარემოს დაცვა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოსთან 1992 წლიდან თანამშრომლობს. ამ პერიოდში საქართველოსთვის გამოიყო 1,8 მილიარდ დოლარზე მეტი. უკვე რეალიზებულია დაახლოებით 335 პროგრამა სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, გარემოს, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.