იმპერატორ კონსტანცის დროს იერუსალიმის ცაზე პატიოსანი ჯვრის გამოცხადების სასწაული
პირველი ქრისტიანი იმპერატორის, წმიდა კონსტანტინე დიდის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოვიდა მისი ვაჟი კონსტანცი, რომელიც არიოზის ერესის მიმდევარი იყო. წმიდა მართლმადიდებლური სარწმუნოების დასამტკიცებლად იერუსალიმში სასწაულებრივი გამოცხადება მოხდა: 351 წლის 7 მაისს, სულთმოფენობის დღეს, სამ საათზე ცაზე გამოჩნდა ჯვარი, რომელიც ენითაღუწერელ ბრწყინვალებას გამოსცემდა. ამ სასწაულის მომსწრე იყო მთელი ხალხი. ჯვრის გამოცხადება დაიწყო გოლგოთის მთის თავზე, სადაც მაცხოვარი ეცვა ჯვარს და სწვდებოდა ელეონის მთამდე, რომელიც გოლგოთიდან 15 სტადიონით არის დაშორებული. ჯვარი ცისარტყელის ფერებით კიაფობდა და ხალხის მზერას იპყრობდა. სასწაულის ხილვით გაოგნებულნი, აღდგომის ტაძარში მიიჩქაროდნენ სალოცავად. ჯვრის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ იერუსალიმის პატრიარქმა კირილემ (350-387) ეპისტოლეთი აცნობა იმპერატორ კონსტანცს და მოუწოდა დაბრუნებოდა მართლმადიდებლობას.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე
ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ
მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი იყვნენ ასურელი მოღვაწეები, რომლებმაც საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს.
ბაგრატ III
ბაგრატ III ბაგრატიონი იყო გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე 975–1014 წლებში.
ბაგრატ III სამი სამეფოს მემკვიდრედ ითვლებოდა. ბაგრატი იყო ქართველთა მეფის ტიტულის მქონე ბაგრატ ბაგრატიონის შვილიშვილი და მეფეთ-მეფის გურგენის შვილი, ეგრის-აფხაზეთის უშვილო მეფის თეოდოსის დისწული და ტაოს მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი.
ბაგრატ III -სათვი უპირველესი მიზანს ქვეყნის გაერთიანება წარმოადგენდა. მას ჰყავდა ძლიერი მოწინააღმდეგეები რეაქციონერი ფეოდალების სახით. მათ ხელს არ აძლევდათ სამეფო ხელისუფლების გაძლიერება, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია ფეოდალთა მამულების შეუვალობის დარღვევა და მიტაცებული სახელმწიფო მიწების სამეფო განკარგულებაში დაბრუნება.
1008 წელს, გურგენ მეფეთ-მეფის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატ III–მ, როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრილოეთი ნაწილი(ამიერტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე და ჯავახეთი. ბაგრატ III–მ პირველმა მიიღო "აფხაზთა და ქართველთა მეფის" ტიტული. ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონმა მისია, რომელიც დაეკისრა პირნათლად შეასრულა. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ფეოდალურ მონარქიასა და სახელმწიფო "საქართველოს". ბაგრატ III-ის სრული ტიტულატურა იყო "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, კურაპალატი". ერთიანი საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი იყო.
ბაგრატ III-ის მეფობის პერიოდში დაწინაურდა ქართული კულტურა. აიგო მრავალი არქიტექტურული შედევრი, მათგან აღსანიშნავია ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, რომლის მშენებლობაც 1003 წელს დასრულდა. ასევე ამ დროს აიგო ნიკორწმინდის ტაძარი და ბედიის მონასტერი სადაც დაკრძალულია კიდეც მეფე. ის აქ 1014 წელს ფანასკერტის ციხეში გარდაცვალების შემდეგ გადმოასვენეს.
აკაკი ასისთავი
წმიდა მოწამე აკაკი (+303) დაიბადა კაბადოკიაში და იყო მარტისიის პოლკის ასისთავი. როცა იმპერატორ მაქსიმიან გალერიუსის (305-311) ბრძანებით დაიწყო ქრისტიანთა დევნა, მხედართმთავარმა თერმმა სათითაოდ დაკითხა თავისი ჯარისკაცები. წმიდა აკაკიმ მტკიცედ და საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა. თერმმა ის მთავარსარდალ ვივიანესთან გაგზავნა. ვივიანეს ბრძანებით წმიდა აკაკი სასტიკად აწამეს, შემდეგ მძიმე ბორკილები დაადეს და საკანში ჩაკეტეს. ცოტა ხნის შემდეგ მოწამე სხვა ქრისტიანებთან ერთად წაიყვანეს ბიზანტიაში. ბიზანტიაში წმიდა მოწამეს მკაცრად ექცეოდნენ, ღამით პატიმრებმა იხილეს, რომ წმიდანთან ნათლით მოსილი ჭაბუკები მოვიდნენ, წყლულები მობანეს და საჭმელი მოუტანეს. 7 დღის შემდეგ ვივიანემ კვლავ მოიხმო წმიდა აკაკი და როცა მისი სიცოცხლით სავსე სახე ნახა იფიქრა, რომ დარაჯს მოჰქონდა წმიდანთან საკვები, მოაყვანინა იგი და მკაცრად დაკითხა. ამაოდ ირწმუნებოდა დარაჯი თავის უდანაშაულობას: ვივიანემ მისი გაროზგვა ბრძანა. მაშინ წმიდა აკაკიმ თვითონ უპასუხა ჯალათს: „სიმტკიცე და ძალა უფალმა იესო ქრისტემ მომცა, მანვე განკურნა ჩემი წყლულები“. გამძვინვარებულმა ვივიანემ სასტიკად ცემა წმიდანი და შემდგომი წამებისთვის გაუგზავნა მმართველ ფლაკინს, რომელმაც დაუფიქრებლად მოჰკვეთა თავი ქრისტეს აღმსარებელს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.