თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ევროკავშირმა ოფიციალური რეკომენდაცია მისცა წევრ სახელმწიფოებს, დაუშვან იმ უცხოელების შესვლა, რომლებმაც მგზავრობამდე ორი კვირით ადრე აიცრნენ კორონავირუსის საწინააღმდეგო იმ ვაქცინებით, რომლებიც ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) მოიწონეს.
„იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვაქცინაციის დადასტურებას იყენებენ ისეთი შეზღუდვების მოსახსნელად, როგორიცაა ტესტირება ან კარანტინი, მათ, პრინციპში, უნდა მოხსნან ეს შეზღუდვები მესამე ქვეყნებიდან ჩამომსვლელთათვისაც, რომლებიც ჩამოსვლამდე ორი კვირით ადრე აიცრებიან ЕМА-ს მიერ მოწონებული პრეპარატით ან ჯანმოს სიიდან პრეპარატით“, - ციტირებს შესაბამის დოკუმენტს РИА Новости.
ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მოიწონონ ევროკომისიის წინადადება ევროკავშირში მესამე ქვეყნებიდან შესვლაზე შეზღუდვების შერბილების კუთხით.
ამჟამად ევროკავშირში მესამე ქვეყნებიდან ე.წ. არააუცილებელ მგზავრობებზე შეზღუდვები მოქმედებს. ევროკომისიამ შეადგინა სია, რომელშიც შედის რვა ქვეყანა, საიდანაც ევროკავშირში შესვლა ნებადართულია საწინააღმდეგო მიმართულებით საზღვრების გახსნის დადასტურების შემთხვევაში: ავსტრალია, ისრაელი, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი.