თბილისი, 20 მაისი – Sputnik. თბილისში, ე.წ. თემქის დასახლებაში, მონადირის ქუჩის 14 ნომერში მდებარე ხის საამქროში ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
უსაფრთხოების მიზნით პოლიციამ საამქროს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა და იქ არც ადგილობრივებს, არც ჟურნალისტებს არ უშვებდა. შენობაში განთავსებული იყო საწყობი და ავეჯის საამქრო. შენობის სიახლოვეს არის დასახლებული ტერიტორია და არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე, მაგრამ მეხანძრეებმა უმოკლეს დროში შეძლეს ხანძრის ლოკალიზება.
ცეცხლის ჩაქრობაში 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა.
რა გახდა აალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.