თბილისი, 20 მაისი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სკოლის დასრულებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
საქართველოს საჯარო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი დღეს, 20 მაისს დასრულდა.
ჩხენკელი მეთორმეტეკლასელებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ის სირთულეები, რაც მათ კორონავირუსის პანდემიის გამო გამოიარეს, აუცილებლად იქონიებს დადებით გავლენას მათ მომავალზე.
„მაშინ, როცა პანდემიამ მკვეთრად შეცვალა ყველას ცხოვრება, თქვენ გაუმკლავდით მოულოდნელ სირთულეებს და წარმატებით დაასრულეთ სწავლა. დარწმუნებული ვარ, ცხოვრების გზაზე გაჩენილ ყველა გამოწვევას შესაძლებლობად აქცევთ“, – განაცხადა მინისტრმა.
კორონავირუსის პანდემიის გამო წელს განათლების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს რეკომენდაცია დაუგზავნა, რომლის თანახმად, შესაძლებელია ე.წ. ბოლო ზარის ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.
პანდემიის გამო უკვე მეორე წელია, რაც სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი პრევენციული წესების დაცვითა და ნაწილობრივ დისტანციური რეჟიმით მიმდინარეობს.