ვილი სანიოლი: კვარაცხელიას გადაწყვეტილება მისი კარიერისთვის მნიშვნელოვანი იქნება

ბოლო პერიოდში მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კვარაცხელია „რუბინს“ დატოვებს.
Sputnik

თბილისში, 19 მაისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა რუმინეთსა (2 ივნისს) და ნიდერლანდებთან (6 ივნისს) ამხანაგური მატჩებისთვის ეროვნული გუნდის მომზადების დაწყებამდე პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებთან საუბრისას შვეიცარიელი სპეციალისტი ხვიჩა კვარაცხელიას თემას შეეხო.

გიგა ჭიკაძე UFC-ში თავს იმკვიდრებს, კვარაცხელია „რუბინში“ კვლავ აღიარეს

„კვარაცხელიას საინტერესო, მაგრამ რთული სეზონი ჰქონდა. ტრავმის გამო ეროვნული ჩემპიონატის რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწია. მაგრამ ახლა მწყობრშია და მომავალი ტესტ-მატჩებისთვის სრული დატვირთვით მოემზადება“, - განაცხადა სანიოლმა.

მწვრთნელი გამოეხმაურა ასევე კვარაცხელიას შესაძლო გადასვლას ყაზანის „რუბინიდან“ ევროპის ერთ-ერთ კლუბში.

„მისი გადაწყვეტილება მისი შემდგომი კარიერისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ის ისეთ კლუბში უნდა გადავიდეს, სადაც ენდობიან, მეტი სათამაშო დრო და განვითარების შანსი ექნება. არ დაგვავიწყდეს, რომ ხვიჩა ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და მას პროგრესი სჭირდება. რაც შეიძლება მეტი უნდა ითამაშოს, სადაც არ უნდა იყოს. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და მას აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ ყველაზე მაღალ დონეზე ითამაშოს“, - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

ვილი სანიოლი: კვარაცხელიას გადაწყვეტილება მისი კარიერისთვის მნიშვნელოვანი იქნება

მიმდინარე სეზონში კვარაცხელია „რუბინის“ ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ყაზანის კლუბის შემადგენლობაში შემტევმა ნახევარმცველმა რუსეთის პირველ ლიგაში 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა. სამწუხაროდ, კვარაცხელიამ ტრავმის გამო სეზონის დასრულება ვერ შეძლო.

ბოლო პერიოდში მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კვარაცხელია „რუბინს“ დატოვებს. ახალგაზრდა ფეხბურთელისადმი ინტერესს იჩენენ ევროპის ისეთი კლუბები, როგორიცაა „იუვენტუსი“, „ატალანტა“, „რომა“, „სევილია“, „ბორუსია“ (დორტმუნდი), „ლიდსი“.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ ტესტ-მატჩებისთვის მომზადებას გუნდი 24 მაისს თბილისში დაიწყებს, სადაც თვის ბოლომდე დარჩება. ორივე ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრები გასვლაზე გამართავს - 2 ივნისს ქალაქ პლოიეშტიში ჩენი გუნდი რუმინეთს დაუპირისპირდება, ხოლო 6 ივნისს ქალაქ ენსხედეში - ნიდერლანდებს.