საქართველო მონაწილეობს ტურისტულ გამოფენაში FITUR-2021

ესპანეთში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი ქართული ფოლკლორით გაფორმდება.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველო მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში FITUR-2021 მონაწილეობს როგორც პარტნიორი ქვეყანა, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გამოფენა 19–23 მაისს იმართება. ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს ქვეყნისთვის უნიკალური შანსია – კორონავირუსის პანდემიისა და ინდუსტრიაში მძიმე სიტუაციის პირობებში განახორციელოს მარკეტინგული კამპანია. გამოფენაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, რადგან ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა პანდემიის შედეგად და ამ დარგში დასაქმებული 150 ათასზე მეტი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. 

ნათია თურნავა: ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია

კამპანია გულისხმობს გამოფენის პლატფორმის საშუალებით როგორც ონლაინ, ასევე საგამოფენო სივრცის ბრენდირებას. საქართველოს ტურისტული შესაძლელობები წარმოდგენილი იქნება ბანერების, ვიდეოების, სხვადასხვა ღონისძიებების, პრეზენტაციებისა და საინფორმაციო არხების საშუალებით.

საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საპრეზენტაციო სტენდით იქნება წარდგენილი. საქართველოს სპეციალური სივრცე საშუალებას მისცემს საერთაშორისო ტურისტულ ოპერატორებს, კომპანიებს, მასმედიის წარმომადგენლებს – მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე ვიზიტორებს საშუალება ექნებათ საქართველოს შესახებ ვიდეორგოლები იხილონ და გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.

საქართველო მონაწილეობს ონლაინ–გამოფენაშიც, რომელიც FITUR-ის ფარგლებში 5 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით იმართება.

მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 2020 წელს 165 ქვეყანა და 11 ათასზე მეტი ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას 111 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, ღონისძიებას კი საერთაშორისო მასმედიის 7,5 ათასზე მეტი ჟურნალისტი აშუქებდა.