თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ეტაპობრივად უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და უნდა იყოს მზად ტურისტების მისაღებად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადრიდში ჟურნალისტებთან.
ღარიბაშვილმა ესპანეთის მეფე ფილიპე VI-სთან და დედოფალ ლეტიციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR-2021-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში.
„მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და საქართველო ტურისტების მისაღებად მზად უნდა იყოს. ამაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციას, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვას და, რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას. ასე რომ, ჩვენ ყველანი ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საპრეზენტაციო სტენდით იქნება წარდგენილი. საქართველოს სპეციალური სივრცე საშუალებას მისცემს საერთაშორისო ტურისტულ ოპერატორებს, კომპანიებს, მასმედიის წარმომადგენლებს – მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე ვიზიტორებს საშუალება ექნებათ საქართველოს შესახებ ვიდეორგოლები იხილონ და გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. საქართველო გამოფენაში როგორც პარტნიორი ქვეყანა იღებს მონაწილეობას.
ტურისტული გამოფენა FITUR-2021 19–23 მაისს იმართება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, ეს ქვეყნისთვის უნიკალური შანსია – კორონავირუსის პანდემიისა და ინდუსტრიაში მძიმე სიტუაციის პირობებში მარკეტინგული კამპანია განახორციელოს. გამოფენაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, რადგან ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა პანდემიის შედეგად და ამ დარგში დასაქმებული 150 ათასზე მეტი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა.
კამპანია გულისხმობს გამოფენის პლატფორმის საშუალებით როგორც ონლაინ, ასევე საგამოფენო სივრცის ბრენდირებას. საქართველოს ტურისტული შესაძლელობები წარმოდგენილი იქნება ბანერების, ვიდეოების, სხვადასხვა ღონისძიებების, პრეზენტაციებისა და საინფორმაციო არხების საშუალებით.
საქართველო მონაწილეობს ონლაინ–გამოფენაშიც, რომელიც FITUR-ის ფარგლებში 5 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით იმართება.
მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 2020 წელს 165 ქვეყანა და 11 ათასზე მეტი ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას 111 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, ღონისძიებას კი საერთაშორისო მედიის 7,5 ათასზე მეტი ჟურნალისტი აშუქებდა.