ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის მეფესთან ერთად საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას გახსნის

გამოფენაზე საქართველო ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და ტურიზმის ძირითადი მიმართულებების შესახებ სრულ ინფორმაციას წარადგენს
Sputnik

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის მეფე ფილიპე VI–სთან და სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას FITUR-2021 გახსნის.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ღარიბაშვილის შეხვედრები ესპანეთის პრემიერ–მინისტრ პედრო სანჩესთან და კონგრესის თავმჯდომარე მერიტჩელ ბატეტთან. 

ღარიბაშვილი ესპანეთში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნას დაესწრება

ესპანეთში საქართველოს ელჩის ილია გიორგაძის განცხადებით, საქართველო ტურისტულ გამოფენაში, რომელსაც 30–მდე ქვეყნის ტურიზმის მინისტრი დაესწრება,  მიწვეული ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

 „ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გამოფენაა ტურიზმის კუთხით. გარდა ამისა, დაგეგმილია  შეხვედრა (საქართველოს პრემიერის) ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარესთან, რომელზეც განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები და საპარლამენტო თანამშრომლობა ესპანეთსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა გიორგაძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და ესპანეთის ურთიერთობებს.

ტურისტული გამოფენა FITUR-2021 19–23 მაისს გაიმართება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, ეს ქვეყნისთვის უნიკალური შანსია კორონავირუსის პანდემიისა და ინდუსტრიაში მძიმე სიტუაციის  პირობებში მარკეტინგული კამპანია განახორციელოს. ტურიზმის სფერო ხომ ყველაზე მეტად დაზარალდა პანდემიის შედეგად და ამ დარგში დასაქმებული 150 ათასზე მეტი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. 

საქართველო მონაწილეობს ტურისტულ გამოფენაში FITUR-2021

კამპანია გულისხმობს გამოფენის პლატფორმის საშუალებით  როგორც ონლაინ, ასევე საგამოფენო სივრცის ბრენდირებას. საქართველოს ტურისტული შესაძლელობები წარმოდგენილი იქნება ბანერების, ვიდეოების, სხვადასხვა ღონისძიებების, პრეზენტაციებისა და საინფორმაციო არხების საშუალებით.

საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საპრეზენტაციო სტენდით იქნება წარდგენილი. საქართველოს სპეციალური სივრცე საშუალებას მისცემს საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე ვიზიტორებს საშუალება ექნებათ საქართველოს შესახებ ვიდეორგოლები იხილონ და გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.

საქართველო მონაწილეობს ონლაინ–გამოფენაშიც, რომელიც FITUR-ის ფარგლებში 5 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით იმართება.

მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 2020 წელს 165 ქვეყანა და 11 ათასზე მეტი ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას 111 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, ღონისძიებას კი საერთაშორისო მედიის 7,5 ათასზე მეტი ჟურნალისტი აშუქებდა.