საქართველოში ერთ–ერთ უძველეს აბრეშუმის მუზეუმს რეაბილიტაცია უტარდება

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 3,3 მლნ ლარია.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. თბილისის განვითარების ფონდმა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე

კახა კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება შენობა, ექსტერიერი და ინტერიერი, კეთილმოეწყობა მუზეუმის ეზო. 

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 3 მლნ 300 ათასი ლარია. სამუშაოები 2022 წლის დეკემბერში  უნდა დასრულდეს.

პროექტი ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის თანადაფინანსებით ხორციელდება, აღნიშმა კალაძემ.

კალაძის თქმით, მუზეუმში დაცული კოლექციები უნიკალურია და წარმოდგენას გვიქმნის კავკასიაში და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში აბრეშუმის ქსოვილის წარმოებასა და გამოყენებაზე. აქ თავმოყრილია დიდი ინფორმაციის მქონე ნიმუშები და ექსპონატები.

„ვფიქრობ, მუზეუმის რეაბილიტაცია წარმოაჩენს არა მხოლოდ შენობის მნიშვნელობას, არამედ აქ დაცული ექსპონატების განსაკუთრებულობას. ძალიან მიხარია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებას ვახერხებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი ერთ-ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის — დაარსდა 1887 წელს და წარმოადგენდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის ნაწილს. აბრეშუმის მუზეუმის ახლანდელი შენობას საფუძველი ჩაეყარა 1889 წლის 9 ოქტომბერს, ხოლო ააგო ალექსანდრე შიმკევიჩმა 1892 წელს. ნაგებობას ამჟამად ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი გააჩნია.

მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულდება>>

მუზეუმში დაცულია მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი კოლექცია, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივად წარმოებულ, აგრეთვე მსოფლიოს 61 ქვეყნიდან შემოსულ ექსპონატებს. მუზეუმს ყოველწლიურად დაახლოებით 3 000 ადამიანი სტუმრობს.