გახდება თუ არა საჭირო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება – გაბუნიას განმარტება

მესამე დოზასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან კონკრეტულ მითითებებს ელოდებიან.
Sputnik

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. Pfizer-ი, Sinopharm-ი და სხვა მწარმოებლები უკვე აქტიურად საუბრობენ ვაქცინის მესამე, გამაძლიერებელ დოზაზე, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.

მისი თქმით, ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან უახლოეს მომავალში კონკრეტულ მითითებებს მიიღებს, მანამდე კი მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინის ორი დოზა ყველამ გაიკეთოს.

საქართველოში Sinovac-ით ვაქცინაციის დაწყება მომავალ კვირაში იგეგმება

„მიმდინარეობს კომბინაციების შესწავლა, მაგალითად, თუ Sinopharm-ი გაიკეთეთ პირველი დოზა, ხოლო მეორე დოზა – AstraZeneca, ამისი შედეგი როგორი იქნება, ეს რამდენად უკეთეს იმუნიტეტს ჩამოაყალიბებს. ასევე ის, რომ გამაძლიერებელი დოზა იგივე ვაქცინა უნდა იყოს თუ სხვაც შესაძლებელია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია Sinopharm-ის, AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში აიცრა 93.305 ადამიანი, ხოლო სრული, ორი დოზით ვაქცინაცია ჩაუტარდა 15.077 მოქალაქეს.