პრეზიდენტი: საარჩევნო რეფორმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯია

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მხარეებს შორის შეთანხმებული საკითხები ვენეციის კომისიას უახლოეს დღეებში უნდა გადაეგზავნოს.
Sputnik

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხედულებების დაახლოებას.

ორშაბათს გამართული მორიგი სამუშაო შეხვედრის შედეგად ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ შეძლეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ბევრ საკითხზე კომპრომისის მიღწევა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა საქართველოს საარჩევნო სისტემა ისე უნდა შეცვალონ, რომ მასში ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის ყველა რეკომენდაცია აისახოს.

„მისასალმებელია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება და ამ შეჯერებული დოკუმენტის უახლოეს დღეებში ვენეციის კომისიაში გაგზავნა“, – დაწერა ზურაბიშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია აღნიშნული შეთანხმების ყველა პუნქტის დროული შესრულება. „საარჩევნო რეფორმა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი მომავალში ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, – დასძინა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ჩართული იყო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში. პრეზიდენტის სასახლე მხარეებს შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთი ადგილიც გახდა. სწორედ ორბელიანის სასახლეში მოაწერეს ხელი 19 აპრილს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ კომპრომისულ დოკუმენტს „საქართველოს წინსვლის გზა“.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა შეწყალების აქტს, რომლის საფუძველზეც საპატიმრო დატოვა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელმა გიორგი რურუამ. ზურაბიშვილი დათანხმდა ოპოზიციის მოთხოვნა შეესრულებინა იმ პირობით, რომ მხარეები ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე შეთანხმებას ხელს მოაწერდნენ.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემის რეფორმას, მაისის დასაწყისში ვენეციის კომისიამ და OSCE/ODIHR-მა გამოაქვეყნეს დასკვნა საქართველოს საარჩევნო კოდექსში მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და უარყოფითად შეაფასეს ცესკოს წევრთა შერჩევის პრინციპები და დამკვირვებლებისადმი მოთხოვნები.

ვენეციის კომისიამ და OSCE/ODIHR-მა კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე უამრავი შენიშვნა გამოთქვეს. შენიშვნების ძირითადი ნაწილი საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს ეხებოდა.

ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა ეხება პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობას საარჩევნო კომისიებში. ვენეციის კომისიის აზრით, არსებული მოდელი ვერ აღმოფხვრის მმართველი პარტიის დომინირების საკითხს საარჩევნო კომისიებში.

ასევე უკმაყოფილება გამოიწვია ცვლილებებში გაწერილმა ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესმაც. ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი აღარ დაეკითხება სამოქალაქო საზოგადოებას კანდიდატის არჩევისას, რაც, კომისიის აზრით, მიზანშეწონილი არაა საზოგადოებაში ცესკოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისადმი დაბალი ნდობის ფონზე.