დმანისში ამ მომენტისათვის სიტუაცია სტაბილურია, თუმცა ადგილზე რჩება პოლიციის დამატებითი ძალები, რათა სიტუაცია აკონტროლონ.
მასობრივი შეტაკებები დმანისში ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვან ეკო-მიგრანტებს შორის თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში გაგრძელდა. მხარეების შერიგება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, ასევე სამღვდელოების ჩარევით მოხდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. მიმდინარეობს ინციდენტის მონაწილეთა გამოკითხვა.
დმანისში იმყოფებოდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელმაც განაცხადა, რომ არიან დაშავებულები, თუმცა მძიმე დაზიანება არ მიუღიათ არც პოლიციელებს და არც ინციდენტის მონაწილეებს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ კონფლიქტი ამოწურულია, და იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, აცნობიერებს სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობას სტაბილურობის, მშვიდობისა და თანასწორობის დასამყარებლად.