კახა კალაძე ჩინური ვაქცინით აიცრა

საქართველოში 5 მაისიდან ვაქცინაციის პროცესში პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები ჩაერთნენ. ამის თაობაზე გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
Sputnik

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით საჯაროდ აიცრა.

კახა კალაძემ ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) ჩაიტარა.

„უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა“, - დაწერა სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერმა.

საქართველომ Sinopharm-ის პირველი 100 ათასი დოზა აპრილში მიიღო. აღსანიშნავია, რომ პირველი დოზისთვის რეგისტრაცია თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში ორიოდე საათში დასრულდა. ხოლო მეორე დოზისთვის რეგისტრაციის დროს მსურველთა დიდი ნაკადის გამო სისტემაში ტექნიკური შეფერხება მოხდა.

საქართველოში კორონავირუსზე აცრა 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე იცრებოდა სამედიცინო პერსონალი, მაგრამ პროგრამა თანდათან გაფართოვდა და ახლა უკვე 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს მოიცავს.

საქართველოში 5 მაისიდან ვაქცინაციის პროცესში პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები ჩაერთნენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ჩინური Sinopharm-ით აიცრა

რეგისტრაცია ვაქცინაციისთვის და ვიზიტის დაჯავშნა სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge ხდება. ამასთან, მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაციისთვის დარეკონ ნომერზე 15-22.

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები, ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც. კორონავირუსის საწინააღმდეგო Novavax-ის და Johnson&Johnson-ის ვაქცინებს COVAX–პლატფორმიდან საქართველო, სავარაუდოდ, ივლისში მიიღებს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 93.305 ადამიანი.