გიორგი ყიფშიძე მცირე ხნის წინ მეოთხე შვილის მამა გახდა. მას მესამე ცოლთან მეორე შვილი შეეძინა, პირველი ქორწინებებიდან კი ასევე ორი შვილი ჰყავს, გოგონა და ვაჟი. გიორგი ყიფშიძისა მეუღლე ანა გასიევა ჟურნალ „თბილისელებთან“ ჰყვება – როგორ გაუმართლა, რომ გიორგი იპოვა.
ანა ამბობს, რომ გიორგი ისეთი ქმარი აღმოჩნდა, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა, რადგან მას მსგავსი კაცები არ ხვდებიან და რომ არა გიორგი, ალბათ მარტო იქნებოდა. მისი თქმით, ბავშვების აღზრდის პროცესში ცნობილი ბაბუაც, მსახიობი ზურა ყიფშიძეც აქტიურადაა ჩართული და რაც ლუნა დაიბადა, კოსმო სულ მის გვერდით იძინებს. „რომ ეძინება, ბაბუს ოთახში გარბის. ერთად ვცხოვრობთ და ზურა ძალიან გვეხმარება ბავშვების გაზრდაში…“
„როცა მე და გიორგიმ ცხოვრება დავიწყეთ, იმდენად კარგად შევეწყვეთ, რისკებზე და გამართლებაზე არც მიფიქრია, ასაკობრივი ზღვარი წაიშალა. თავიდანვე ისე კარგად გავუგეთ ერთმანეთს, იდეალური მეგობარი და მეუღლე გახდა. არც შეზღუდვები გვაქვს ერთმანეთთან და არც საიდუმლოებები, სადაც ჰარმონია და კომფორტია, იმ ურთიერთობას, წესით, საფრთხე არ ემუქრება“, – ამბობს ანა.
მსახიობ გიორგი ყიფშიძეს და ფოტოგრაფ ანა გასიევას ბიჭუნა – კოსმო ყიფშიძე გასული წლის მარტში შეეძინათ. მსახიობმა სოციალურ ქსელში ახალშობილთან ერთად გადაღებული პირველი ფოტო გამოაქვეყნა და უამრავი მილოცვაც მიიღო. ბიჭუნას დაბადებამდე რამდენიმე ხნით ადრე გიორგის ახალმა მეორე ნახევარმა სოციალურ ქსელში ბეჭდების ფოტო გამოაქვეყნა ქორწინების მოწმობის ფონზე და ამით ცნობილი გახდა, რომ გიორგი ყიფშიძემ 24 წლის ფოტოგრაფზე იქორწინა. წყვილმა ქორწილი „ზაზანოვაში“ გადაიხადა.
გიორგი დაახლოებით 15 წლის წინ დაშორდა მოდელ კრისტი ყიფშიძეს, რომელიც დღემდე მის გვარს ატარებს. მასთან გიორგის ყველასთვის საყვარელი გოგონა ნატალია ყიფშიძე ჰყავს. კრისტისთან დაშორების შემდეგ მან მხატვარ ანი ჩიკვილაძეზე იქორწინა. ხმები მათი დაშორების შესახებ წლების მანძილზე ვრცელდებოდა, თუმცა ისინი კვლავ ერთად ჩნდებოდნენ საზოგადოებაში. ანის და გიორგის საერთო ვაჟი სანდრო ჰყავთ. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ყიფშიძე ანი ჩიკვილაძესაც დაშორდა.
43 წლის გიორგი ყიფშიძე მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია 2002 წლიდან. მონაწილეობდა ფილმებში „რევერსი (უბრალოდ თამაში)“, „თბილისური Love Story“, „გასეირნება ყარაბახში 2“, „ქუჩის დღეები“, „მარილივით თეთრი“.
გიორგი ყიფშიძე დიდი ხანია ცნობილი მამის ჩრდილიდან გამოვიდა და ახლა მას მოიხსენიებენ, როგორც გიორგის და არა როგორც ზურას შვილს. იგი შესანიშნავი მსახიობია. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ტელესერიალიდან „ცხელი ძაღლი“, ხოლო მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც მონაწილეობდა ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც ვერსკის როლი შეასრულა.