თბილისი, 18 მაისი — Sputnik. პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მზადაა გაერთიანებული ოპოზიციის სახელით თბილისის მერობის კანდიდატი გახდეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება. ადრე მასმედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოქმედი მერი კახა კალაძე მმართველი პარტიის დატოვებას და პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. იმასაც კი წერდნენ, რომ ქალაქის თავი აპირებს დაბრუნებას მილანში, სადაც ოდესღაც ფეხბურთელის წარმატებული კარიერა აიწყო.
რაც შეეხება ოპოზიციას, მათ შორის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა.
„ჩვენს პარტიას აქვს ამბიცია, რომ თბილისში ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი. ეს არის ახლა, ამ წუთში მოცემულობა. ჯერ პარტიაში მიღებული არ არის ამაზე გადაწყვეტილება, ამიტომ ცალსახად, ვაპირებ თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს განიხილება. თუ ამას დაემატება ის, რომ ვიქნები ერთიანი კანდიდატი, ცხადია, ეს პლუსია. გიჟი უნდა ვიყო, რომ მაგაზე ვთქვა, არა, ეს არ მინდა-მეთქი. რატომ არ უნდა მინდოდეს?!“ – განუცხადა ჟურნალისტებს ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძის ყველაზე ორიგინალური და ეპატაჟური პარტია „გირჩი“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოთხ მთავარ ლიდერს შორის არსებული უთანხმოების გამო ორად გაიყო. ჯაფარიძის „გირჩს“ „მეტი თავისუფლება“ დაემატა. დამფუძნებელი კრებაც ორიგინალურად ჩატარდა - პარტიის მთელი აქტივი ექვს წუთში აირჩიეს, რაც ქართულ პოლიტიკაში რეკორდია.
ადგილობრივ არჩევნებს წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რადგან მათ შედეგებზე იქნება დამოკიდებული ვადამდელი არჩევნების ჩატარების ბედი, რაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს.
კომპრომისული შეთანხმების თანახმად, რომელსაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო კვლევის შედეგებით, პერსონალურ რეიტინგში პირველ ადგილზე ტრადიციულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა, კალაძე მესამე ადგილზეა 54%-ით, ხოლო ზურაბ ჯაფარიძე მე-17 ადგილზეა 21%-ით.