ბანკეტები და ექსკურსიები ნებადართული იქნება? განათლების სამინისტროს განმარტება

თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს, აცხადებენ განათლების სამინისტროში.
Sputnik

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში „ბოლო ზარის" მოახლოებასთან, სკოლის ბანკეტებთან და ექსკურსიებთან დაკავშირებით სპეციალური რეკომენდაციები გამოაქვეყნა. 

განათლების სამინისტრო: დაიცავით წესები, რათა მოსწავლეებმა სწავლა საკლასო ოთახში განაგრძონ

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ბოლო ზარი 2021“-ის ღონისძიებები, რაც ქვეყნის საჯარო სკოლებში მაისის ბოლოს ჩატარდება, ქვეყანაში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით გაიმართება.

ახალი წესების თანახმად, „ბოლო ზარის“ ღონისძიების გამართვა მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე (სასურველია ღია სივრცეში), უცხო პირთა დასწრების გარეშე იქნება შესაძლებელი. ამასთან, ყველა პირი ვალდებული იქნება დაიცვას დისტანცია და ატაროს პირბადე.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.